რეისზე დაგვიანების გამო, საბერძნეთის მოქალაქე ეთიოპიაში ავიაკატასტროფას გადაურჩა
რეისზე დაგვიანების გამო, საბერძნეთის მოქალაქე ეთიოპიაში ავიაკატასტროფას გადაურჩა

საბერძნეთის მოქალაქე რეისზე სამი წუთით დაგვიანების გამო „ეთიოპიური ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩა. როგორც ბერძნული გამოცემა „ეკატიმერინი“ წერს, ანტონის მავროპულოსი კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაერო-ს მიერ დაგეგმილ კონფერენციაზე მიემგზავრებოდა და გადაჯდომა ადის-აბებაში უწევდა.

იმის გამო, რომ მავროპულოსს რეისებს შორის მხოლოდ ნახევარსაათიანი შუალედი ჰქონდა, კენიის რეისზე სამი წუთით დააგვიანა .

„თვითმფრინავი 08:15-ზე მიფრინავდა. მე გეითთან 08:03-ზე მივედი, თუმცა ის უკვე დაკეტილი იყო“, -ამბობს საბერძნეთის მოქალაქე, რომელმაც სოციალურ ქსელში ავიაბილეთი გამოაქვეყნა.

„მე თვალს ვადევნებდი, როგორ სხდებოდნენ თვითმფრინავში ბოლო მგზავრები და ვერაფერს ვაკეთებდი. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, გავაპროტესტე. მე ბოდიში მომიხადეს და მომდევნო რეისის ბილეთი მომცეს, რომელიც სამი საათით გვიან უნდა შესრულებულიყო. ძალიან ზრდილობიანად მექცეოდნენ. მეც დაველოდე… როდესაც სამ საათში ბორტზე ასვლა ვცადე, გამაჩერეს და მითხრეს: „თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე ვერ მოხვდა“, – იხსენებს ანტონის მავროპულოსი.

„მთელი ღამე არ მეძინა… მეგობარმა მითხრა, რომ მეორე სიცოცხლე მაჩუქეს. მეორე მხრივ, დავკარგე ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდი და შემაძრწუნებელია იმის გაცნობიერება, რომ რამდენიმე წამმა მათი სიცოცხლე განსაზღვრა“, – განაცხადა მავროპულოსმა ტელეკომპანია „სკაისთან“ ინტერვიუში.

ანტონის მავროპულოსი ნარჩენების მართვის კომპანიის დამფუძნებელია, 2016 წლის სექტემბრიდან კი, ვენაში ბაზირებული, მყარი ნარჩენების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი.

ეთიოპიან ეარლაინსის“ კუთვნილი „ბოინგ 737“ 10 მარტს ეთიოპიის დედაქალაქიდან აფრენიდან ექვს წუთში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. თვითმფრინავი ადის-აბებადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში ასრულებდა რეისს.

ავიალაინერის მგზავრთა შორის იმყოფებოდნენ გაერო-ს თანამშრომლები, სიცილიელი მინისტრი, სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები, ასევე „სბერბანკის“ ორი თანამშრომელი.