რეინალდომ ბათუმის „დინამო“ დატოვა
რეინალდომ ბათუმის „დინამო“ დატოვა

ბათუმის „დინამოს“ ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლადო დვალიშვილმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა ინფორმაცია, რომ გუნდი რეინალდომ დატოვა.

„ოთხ პოზიციაზე გაძლიერება სასწრაფოდ გვჭირდება – უნდა მოვიყვანოთ მეკარე, ცენტრალური მცველი და ორი თავადმსხმელი, რადგან გუნდიდან სამი თავდამსხმელი წავედით – მე კარიერა დავასრულე, რეინალდო წავიდა, მანამდე ჯოვინო რუსეთში გადავიდა და ახლა წინა ხაზში მხოლოდ გიორგი ნიქაბაძე დარჩა. ჩვენი სურვილია, ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველები და ან ჯოვინოს მსგავსი საინტერესო უცხოელები დავიმატოთ“, – ამბობს ლადო დვალშვილი.

ბრაზილიელი ლეგიონერი ბათუმის „დინამოს“ თებერვალში, თურქული შეკრების დასრულების შემდეგ შეუერთდა. გამოცდილი ბრაზილიელი შემტევი რეინალდო დოს სანტოს სილვა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.

30 წლის ფეხბურთელს საქართველოში დიდი იმედით ელოდნენ, რადგან მას მშვენიერი კარიერა ჰქონდა – საქართველომდე ითამაშა ბრაზილიურ „რესიფში“ , ბელგიურ „ანდერლეხტში“ , „სერკლ ბრიუგესა“ და „ვესტერლოში“. 2013 წლის თებერვალში რეინალდო აგდამის „ყარაბაღში” ჩაირიცხა და ამ გუნდის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებებში მონაწილეობდა. ბოლოს ყაზახეთში, პავლოდარისირტიშში” გამოდიოდა, მაგრამ ბრაზილიელმა საქართველოში ფორმა ვერ აღიდგინა. ბათუმელთა მაისურით მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. როგორც გაირკვა, რეინალდოს კუნთის იშვიათი დაავადება ჰქონდა, რაც ფაქტობრივად, კარიერაზე ხაზის გადასმას ნიშნავდა და გუნდმა მასთან დამშვიდობება გადაწყვიტა.

აქვე ვიტყვით, რომ სეზონის შემდეგ ბათუმის „დინამო“ კიდევ სამმა მოთამაშემ დატოვა – უკრაინელი მეკარე იგორ ლევჩენკომ, მცველებმა – კიჭი მელიავამ და ვაჟა ფაცაციამ.