რეიჩელ ტეილორმა ისტორია დაწერა - უელსულ სარაგბო კლუბს ქალი გაწვრთნის
უელსის ქალ მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რეიჩელ ტეილორმა ისტორია დაწერა – ის პირველი ქალი მწვრთნელი გახდა, რომელიც უელსის რაგბის კავშირის შიდა ჩემპიონატის კლუბს გაწვრთნის.
უელსის შიდა ჩემპიონატი (WRU National League), „პრო 12“-ის ქვედა ლიგაა და უელსის უძლიერეს სარაგბო ტურნირს წარმოადგენს.
რეიჩელი, რომელმაც ნაკრებში 67-ჯერ ითამაშა, მშობლიური ქალაქის კლუბ – „კოლვინ ბეი“-ს ჩაუდგა სათავეში. გუნდს, რომელშიც მან რაგბის თამაში 8 წლის ასაკში დაიწყო.
სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ ტეილორმა მწვრთნელის როლი მოირგო, გაწვრთნა ქალთა გუნდი და უელსის რაგბის კავშირში კოორდინატორად მუშაობდა.
მან უკვე მოიპოვა მე-2 დონის მწვრთნელის ლიცენზია და ახლა მე-3 დონის მწვრთნელის ლიცენზიის გამოცდებისთვის ემზადება.