რეგიონთა თასი - აზერბაიჯანელები საქართველოდან გულშემატკივრებს ელიან #1TVSPORT
23 ივნისს ბაქოში, „ასკ არენაზე” უეფა-ს რეგიონთა თასის ჯგუფური ეტაპი დაიწყება, სადაც საქართველოდან „ბასიანი“ ითამაშებს. წინასწარ რაუნდში, აზერბაიჯანში, 2 ტურად გამართულ ტურნირში ხუთი გუნდი ითამაშებს.
საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული „ბასიანი“ ითამაშებს ჯგუფში, რომელიც ბელარუსში უნდა გამართულიყო, მაგრამ უეფა-მ ამ ქვეყნის გუნდებს საკუთარ მოედანზე თამაში აუკრძალა და ტურნირის მასპინძლობა აზერბაიჯანს დაუთმო.
მასპინძელ ქვეყანაში სამზადისზე, მოლოდინებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის მატჩებისა და ტურნირების ორგანიზების განყოფილების ხელმძღვანელმა ზაურ ჰაჯი-მაჰარამოვმა კომენტარი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის გვერდთან გააკეთა.
„მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენთვის დიდი პატივია. უეფა-სგან 2 თვის წინ შემოგვივიდა მოთხოვნა ამ მნიშვნელოვანი გათამაშების ჩატარებაზე და ჩვენც მალევე დავთანხმდით. აზერბაიჯანს ტურნირების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს, უამრავი სახის შეჯიბრების ორგანიზატორები ვყოფილვართ, ჩვენთან ევრო 2020-იც ჩატარდა, თუმცა სამოყვარულო გუნდებს პირველად ვმასპინძლობთ“, – ამბობს ზაურ ჰაჯი-მაჰარამოვი.
მისი თქმით, გუნდები ბუნებრივ საფარზე არ ითამაშებენ.
„სამზადისი გეგმის მიხედვით მიდის და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მატჩები ხელოვნურ საფარზე გაიმართოს. თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს, გუნდებთან მუდმივად ვკონტაქტობთ. სტადიონები იდეალურ მდგომარეობაშია და ფიფა-ს სტანდარტებს შეესაბამება. შამახის სტადიონი 3 თვის წინ გაიხსნა და უკვე მრავალი მატჩი ჩატარდა, რაც შეეხება ბაქოს სტადიონს, შედარებით ძველია, მაგრამ იდეალურ მდგომარეობაშია. ბაქოს არენაზე ითამაშებენ: საქართველო, ყაზახეთი და ესტონეთი, ხოლო აზერბაიჯანისა და ბელარუსიის გუნდები ბაქოდან 120 კმ-ში შამახიში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ფინალური ეტაპიც სწორედ შამახიში გაიმართება. სრულ ანშლაგს ველოდებით, იმედი მაქვს საქართველოდანაც ბევრი გულშემატკივარი ჩამოვა”.
წინასწარი რაუნდის განრიგი:
ჯგუფი 1
საქართველო, ყაზახეთი, ესტონეთი;
ჯგუფი 2
ბელორუსია, აზერბაიჯანი;
რუსეთი მოხსნილია
ტურნირში მონაწილეობას 35 ეროვნული ასოციაცია მიიღებს. ყველაზე მაღალი კოეფიციენტების მქონე 30 ასოციაციის წარმომადგენელი ბრძოლას შუალედური რაუნდიდან დაიწყებს.
შუალედური რაუნდი
შუალედური ეტაპის გამარჯვებული გუნდები მოიპოვებენ ფინალური ტურნირის საგზურს, რომელიც 2023 წლის ივნისის ბოლო ორ კვირაში გაიმართება.