„რედ ბულს“ სეზონის მეორე ნაწილში ახალი პილოტი ეყოლება
„რედ ბულს“ სეზონის მეორე ნაწილში ახალი პილოტი ეყოლება

ავსტრიულმა საჯინიბო „რედ ბულმა“ პილოტების შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ გამოაცხადა. ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის, მაქს ფერსტაპენის ახალი პარტნიორი იქნება ალექსანდრ ალბონი. ის „რედ ბულში“ „ტორო როსოდან“ გადადის. საპირისპირო მიმართულებით პიერ გასლი აღმოჩნდება „ტორო როსოში“ და დანიილ კვიატის მეწყვილე გახდება. ცვლილება ძალაში შევა ბელგიის გრანპრისას, რომელიც პირველ სექტემბერს გაიმართება.

„სეზონის ბოლომდე დარჩენილი ცხრა რბოლის განმავლობაში, გუნდი შეაფასებს ალექსის პროგრესსა და შედეგებს. ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას – ვინ იქნება მაქსის პარტნიორი 2020 წელს“, – წერია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

23 წლის გასლი მეექვსე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში, მაგრამ ხელმძღვანელობა მაინც და მაინც კმაყოფილი არ არის მისი შედეგით. ფრანგმა 63 ქულა დააგროვა, მისმა პარტნიორმა ფერსტაპენმა – 181.

23 წლის ალბონის მონაგარია – 16 ქულა.