Red Bull Soapbox Race-ის გამარჯვებული გუნდი Tech Crush-ი გახდა #1TVSPORT
მთაწმინდის პარკში არამოტორიზებულ ავტომობილებს შორის შეჯიბრება – Red Bull Soapbox Race-ი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც გუნდი Tech Crush-ი გახდა. მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „არგონავტები“, მესამეზე კი – Popeye. შეჯიბრების ყველაზე კრეატიული მონაწილის სტატუსი „არგონავტების“ გუნდის წევრს, დათუნა არჯევანიძეს ერგო.
Red Bull Soapbox Race-ი საქართველოში პირველად ჩატარდა. მასში მონაწილეობის სურვილი 250 გუნდმა გამოთქვა, რომელთაგანაც საბოლოოდ 30 შეირჩა.
ღონისძიებაში მონაწილე გუნდებმა საკუთარი ფანტაზიითა და წინასწარ გაწერილი ზომების მიხედვით ხელნაკეთი ავტომობილები შექმნეს, რომლებიც მაყურებელმა და ჟიურიმ საგამოფენო ზონაში დაათვალიერა.
საშეჯიბრო ტრასაზე ეკიპაჟები ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ექსტრემალური და დაუვიწყარი სანახაობით წარდგნენ. უმაღლესი ქულის მოსაპოვებლად გუნდებისთვის მთავარი ამოცანა დაბრკოლებების სწრაფად გადალახვა და ფინიშის ხაზთან ყველაზე მოკლე დროში მისვლა იყო.
ჟიურიმ შეაფასა ავტომობილების დიზაინი და რბოლამდე დადგმული წარმოდგენა – გუნდებს პერფორმანსისთვის მხოლოდ 30 წამი ჰქონდათ.
Red Bull Soapbox Race-ის ჟიურის წევრები იყვნენ: მევლუდ მელაძე, მუსია ქებურია, ირაკლი კაკაბაძე, ელენე რუხაძე, მებო ნუცუბიძე.
გამარჯვებული დაჯილდოვდა მათ მიერვე შერჩეულ რომელიმე შეჯიბრებაზე (Formula 1, Moto GP, Hahnenkamm Race) მოგზაურობით.
სახალისო და ექსტრემალური ღონისძიება პირველად 2000 წელს ბელგიაში ჩატარდა, მას შემდეგ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში 150-მდე ღონისძიება გაიმართა.
წელს Red Bull Soapbox Race-ი საქართველოში პირველად ჩატარდა.