Red Bull Escape Room-ის ფინალში საქართველოს სახელით გუნდი „წიბახა“ წარდგება [ვიდეო]

საქართველოში Red Bull Escape Room-ის შესარჩევი თამაში პირველად გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა 32-მა გუნდმა მიიღო. თითოეულ მათგანს 20 წუთი ჰქონდა შესაძლებლობების გამოსავლენად. საუკეთესო შედეგი გუნდმა „წიბახამ“ აჩვენა და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. Red Bull Escape Room ლოგიკაზე, მეხსიერებაზე, სტრატეგიულ და ვიზუალურ აზროვნებაზე, კრეატიულობასა და მუსიკალურობაზე დაფუძნებული თამაშია. სპეციალურ ოთახში ოთხკაციანი გუნდი ცდილობს, მაქსიმალურად მოკლე დროში ამოხსნას მიცემული დავალებები, რისთვისაც ზემოთ ჩამოთვლილი უნარების გამოყენება სჭირდება.

გუნდმა „წიბახამ“ დავალებები 11 წუთსა და 2 წამში ამოხსნა და ლონდონის საგზური მოიპოვა. სწორედ ინგლისის დედაქალაქი უმასპინძლებს 2019 წლის აპრილში Red Bull Escape Room-ის მსოფლიო ჩემპიონატს. პირველობის ფინალში მონაწილე გუნდებს ნამდვილ დაბრკოლებებთან გამკლავება და „Omni’s Escape” მისიის ამოხსნა მოუწევთ. ოთახის შესაქმნელად Red Bull Mind Gamers-ის გუნდმა ინდუსტრიის ლიდერებთან ითანამშრომლა, მათ შორის ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან. „Omni’s Escape”-ის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი კი სკოტ ნიკოლსონია, რომელიც „Wilfrid Laurier“-ის უნივერსიტეტის „BGNlab“-ის პროფესორი და თამაშების დიზაინერ-დეველოპერია.

Red Bull Escape Room-ის ჩემპიონატში მონაწილეობენ – ავსტრალია, აზერბაიჯანი, ავსტრია, ბელგია, ბრაზილია, ჩილე, ხორვატია, დანია, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, გერმანია, ინდოეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი. Red Bull Mind Gamers გლობალური ჰაბია თავსატეხების მოყვარულთათვის. მათთვის, ვისაც საკუთარი თავის გამოწვევა და სხვადასხვა უნარის განვითარება ხიბლავს.

Red Bull Escape Room-ის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობა პირველი არხის გადაცემა „წიგნების თაროს“ გუნდმაც მიიღო.