რებროვმა საქართველოს ნაკრების მცველზე ისაუბრა - ვიცი დვალის თვისებები და პიროვნულადაც კარგად ვიცნობ #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩის წინ ქართველ მცველზე, ლაშა დვალზე ისაუბრა.
უკრაინის ნაკრების დამრიგებელი კარგად იცნობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, რომელსაც 2019-2021 წლებში „ფერენცვაროშში“ წვრთნიდა.
„ლაშა დვალს ძალიან კარგად ვიცნობ. კვიპროსის ჩემპიონატში არ ვაკვირდები, მაგრამ ვიცი მისი თვისებები და პიროვნულადაც კარგად ვიცნობ. ის საქართველოს ნაკრებში შესანიშნავად ასპარეზობს“, – განაცხადა რებროვმა საქართველოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დვალმა 38 მატჩი ჩაატარა (ერთი გოლი გაიტანა). Transfermarkt-ი მის ტრანსფერს 1,5 მილიონ ევროდ აფასებს.
ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს პოზნანში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.