რებროვმა ერთა ლიგაზე საქართველოსთან მატჩისთვის პირველი მოთამაშე გამოიძახა - უკრაინელებს, შესაძლოა, ციგანკოვიც დაუბრუნდეს #1TVSPORT
რებროვმა ერთა ლიგაზე საქართველოსთან მატჩისთვის პირველი მოთამაშე გამოიძახა - უკრაინელებს, შესაძლოა, ციგანკოვიც დაუბრუნდეს #1TVSPORT

ანატოლი ტრუბინი გახდა პირველი მოთამაშე, ვინც სერგეი რებროვმა უკრაინის ნაკრებში გამოიძახა ერთა ლიგის მატჩებზე საქართველოსა და ალბანეთთან, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინელის მეკარის კლუბის, „ბენფიკას“ პრესსამსახური იტყობინება.

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის მატჩებამდე, შესაძლოა, გუნდს ტრავმის მოშუშების შემდეგ „ჟირონას“ ფლანგის შემტევი ვიქტორ ციგანკოვი დაუბრუნდეს. ციგანკოვმა გამოტოვა გუნდის ერთი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში, ხოლო ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრებს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარა.

უკრაინის ნაკრები ოთხი ქულით B1 ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. კვარტეტს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, მეორე-მესამეზე კი 6-6 ქულით საქართველოს და ალბანეთის ნაკრებები არიან.

რებროვის გუნდი მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდთან 16 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“ გამართავს. თამაში 21:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ტრუბინმა „ბენფიკას“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაუშვა და ხუთ მატჩში კარი „მშრალად“ შეინახა. მის ანგარიშზე უკრაინის ნაკრებში 17 შეხვედრაა.