იტალიური საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფორვარდმა ანტე რებიჩმა კლუბში ასპარეზობაზე და საკუთარ მომავალზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ იგი იტალიურ გრანდს იჯარის წესით „აინტრახტიდან“ ორი წლით ყავს დამატებული.
მიმდინარე სეზონში 26 წლის ხორვატმა „მილანის“ შემადგენლობაში 15 შეხვედრა ჩაატარა და ექვსი გოლის გატანა მოახერხა.
„მე შესაძლებლობა მქონდა რამდენიმე მატჩი ზედიზედ მეთამაშა და დამემტკიცებინა ყველასთვის,თუ რას წარმოვადგენ სინამდვილეში. ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენე. უბრალოდ ველოდებოდი, თუ როდის ვითამაშებდი „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში. „უდინეზესთან“ შეხვედრა ჩემთვის უდიდესი შანსი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი თავის ყოველთვის მჯეროდა. პიოლიმ მომცა თამაშის საშუალება და მეც მაქსიმალურად ვეცადე მისთვის იმედები არ გამეცრუებინა. ახლა ჩემს მომავალზე საუბარი ნაჩქარევი იქნებოდა,რადგანაც რაც მსოფლიოში ხდება, არაპროგნოზირებადი პროცესია,“- მოჰყავს რებიჩის სიტყვები „ლა გაზეტა დელო სპორტ“-ს (La Gazzetta dello Sport).