ცნობილი გახდა მადრიდის „რეალის“ შესაძლო ხარჯები „პარი სენ-ჟერმენიდან“ კილიან მბაპესა და „დორტმუნდიდან“ ერლინგ ჰალანდის შეძენის შემთხვევაში.
გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, ესპანურ კლუბს ორივე ფორვარდის ტრანსფერისთვის 852 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს. ამ თანხის გადახდა მოუწევს „რეალს“, თუ ფეხბურთელები ექვსწლიან კონტრაქტებს დათანხმდებიან.
ვარაუდობენ, რომ ტრანსფერებისთვის „რეალს“ დასჭირდება 300 მილიონი ევრო. 22 წლის მბაპეს წლიური ხელფასი 72 მილიონი ევრო იქნება, 20 წლის ჰალანდი კი 20 მილიონს მიიღებს. ასე რომ, ექვს წელიწადში ფრანგი გამოიმუშავებს 432 მილიონ ევროს, ნორვეგიელი – 120 მილიონს.
ამ მომენტისთვის, „რეალის“ ყველა თანამშრომლისა და ფეხბურთელის მთლიანი სახელფასი ბიუჯეტი წელიწადში 448 მილიონ ევროს უდრის. კლუბის საერთო წლიური შემოსავალი 617 მილიონია.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „რეალი“ ჰალანდის შეძენას სათადარიგო ვარიანტად განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ არ გამოუვა მბაპეს გაფორმება.
ამ სეზონში მბაპემ 30 მატჩში 21 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ჰალანდს 25 მატჩში 27 გოლი და შვიდი პასი აქვს.