მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონას“ მიბაძა და სეზონის განახლების შემდეგ პირველივე მატჩში სამი ქულა მოიპოვა. „სამეფო კლუბმა“ 28-ე ტურში შინ მიიღო „ეიბარი“ და 3:1 გაიმარჯვა.
37-ე წუთისთვის მადრიდელებს სამი გოლი ჰქონდათ გატანილი – თავი გამოიჩინეს ტონი კროოსმა (მე-4 წუთი), სერხიო რამოსმა (30) და მარსელომ (37). „ეიბარმა“ მე-60 წუთზე ედუარდო ეკსპოსიტოს გოლით უპასუხა.
სერხიო რამოსმა 67-ე გოლი გაიტანა და პრიმერაში მცველებს შორის გოლების რაოდენობით ლიდერ რონალდ კუმანს დაეწია. თუმცა, ნიდერლანდელს 67-დან 46 გოლი პენალტით აქვს გატანილი, რამოსს კი მხოლოდ 11.
ამ მატჩში იუბილარი იყო „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი – მადრიდული კლუბი მისი ხელმძღვანელობით მე-200 მატჩს ატარებდა. ფრანგმა სპეციალისტმა 132-ე გამარჯვება მოიპოვა.
„რეალი“ მეორე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას”. შემდეგ მატჩს მადრიდელები 18 ივნისს, ასევე შინ „ვალენსიას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.