„რეალმა“ ზედიზედ მეექვსედ მოიგო და „ბარსელონას“ შვიდი ქულით გაასწრო
ლა ლიგას 34-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა. „სამეფო კლუბმა“ სეზონის განახლების შემდეგ ექვსი შესაძლებლიდან მეექვსე მატჩი მოიგო.
ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 73-ე წუთზე 11-მეტრიანი გამოიყენა სერხიო რამოსმა – ეს „რეალის“ კაპიტნის მე-10 გოლია მიმდინარე სეზონში.
„რეალმა“ 77 ქულა დააგროვა და შვიდი ქულით გაუსწრო „ბარსელონას“, რომელიც 34-ე ტურში თავის შეხვედრას მოგვიანებით ჩაატარებს.
დარჩენილ ოთხ ტურში მადრიდის „რეალი“ შეხვდება „ალავესს“, „გრანადას“, „ვილიარეალსა“ და „ლეგანესს“. „ბარსელონა“ „ვილიარეალის“ გარდა შეხვდება – „ესპანიოლს“, „ვალიადოლიდს“, „ოსასუნასა“ და „ალავესს“.