მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილ კალენდართან დაკავშირებით, ლა ლიგას ხელმძღვანელობის მისამართით საჩივარი გაგზავნა.
„რეალის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ თამაშების განრიგი დამატებით უპირატესობას აძლევს „ბარსელონას“. კერძოდ, 33-ე ტურში „რეალი“ ორ ივლისს უნდა შეხვდეს „ხეტაფეს“ (მატჩი 23 საათზე დაიწყება), 34-ე ტურში კი „ბილბაოს“ წინააღმდეგ გასვლითი მატჩი ხუთ ივლისს (დასაწყისი 15 საათზე) უნდა ჩაატაროს. ამ მატჩებს შორის, სამ დღეზე ნაკლებია ინტერვალი.
პარალელურად, „ბარსელონა“ 30 ივნისს „კამპ ნოუზე“ ითამაშებს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, შემდეგ კი ხუთ ივლისს სტუმრად შეხვდება „ვილიარეალს“. კატალონელებისთვის 33-ე და 34-ე ტურებს შორის ინტერვალი ხუთი დღეა.
ამ ფაქტორის გამო, „რეალმა“ პრიმერას ოფისში ოფიციალური პროტესტი შეიტანა.
„დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობაში 33-ე და 34-ე ტურის კალენდარი ხუმრობად მიიჩნიეს. მათ არ სჯეროდათ, რომ ეს სიმართლე იყო,“ – დაწერა „მარკამ“.
„რეალი“ და „ბარსელონა“ სატურნირო ქულების რაოდენობით ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობენ.