„რეალი“ ზიდანის შეცვლას პოჩეტინოთი აპირებს და სტერლინგის ყიდვა სურს
მადრიდის „რეალი“ დაუბრუნდა „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას. გაზეთ „ას“-ის (AS) ინფორმაციით, მადრიდელთა ხელმძღვანელობა განიხილავს არგენტინელ სპეციალისტს, როგორც ძირითად კანდიდატს ზინედინ ზიდანის შესაცვლელად, რომელიც, შესაძლოა, მალე დაითხოვონ პოსტიდან.
გარდა ამისა, „რეალი“ დაინტერესებულია „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველით რაჰიმ სტერლინგით. ამა წლის ზაფხულში, ესპანური კლუბის წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრა ინგლისელის აგენტებთან. თავად ფეხბურთელი მზად არის გარკვეულ მომენტში მადრიდში სათამაშოდ გადავიდეს.
ლა ლიგას ხუთი ტურის შემდეგ, „რეალი“ მეორე ადგილზეა სატურნირო ცხრილში 11 ქულით და ჩამორჩება „ატლეტიკოს“ ბურთების უარესი სხვაობით. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდელებმა დიდი ანგარიშით (0:3) წააგეს „პარი სენ-ჟერმენთან“.