მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია „დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის გაფორმებით, მაგრამ ვერ შეძლებს ნორვეგიელის შეძენას უახლოეს ზაფხულში.
მადრიდელთა პრიორიტეტი 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე – თავისუფალი აგენტის სტატუსით კილიან მბაპეს გაფორმებაა. „რეალს“ არ მოუწევს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხის გადახდა, მაგრამ თავად მბაპეს სოლიდური ბონუსი და მაღალი ხელფასი ერგება. სწორედ ფინანსური მიზეზების გამო, ესპანური გრანდი ვერ მოახერხებს ერთ ზაფხულს მბაპეც გადაიბიროს და ჰალანდიც, – წერს გამოცემა Ruhr Nachrichten.
„რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უკვე აცნობა ამ სირთულის შესახებ ჰალანდს და სთხოვა მას 2023 წლის ზაფხულამდე „დორტმუნდში“ დარჩენა.
ამასობაში, „პარი სენ-ჟერმენი“ ჰალანდის შეძენას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ პარიზულ გუნდს დატოვებს კილიან მბაპე, – იტყობინება გაზეთი L’Équipe.
აღნიშნავენ, რომ ფრანგული და გერმანული კლუბების წარმომადგენელთა შეხვედრა უკვე გაიმართა. პსჟ ნორვეგიელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის და ამას 10-15 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსი დაემატება.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჰალანდმა 14 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა, რასაც ხუთი შედეგიანი გადაცემა ემატება.