საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგის მატჩში „რეალ მადრიდმა“ ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
საკმაოდ საინტერესო თამაშში „არსენალი“ ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა მადრიდულ გუნდს, თუმცა „რეალმა“ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.
ანგარიში მეათე წუთზე ალექსანდერ ლაკაზეტმა თერთმეტმეტრიანით გახსნა, 24-ეზე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მეორე გაიტანა. შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა, მეორე ტაიმში კი ჯერ გარეტ ბეილმა (56-ე წუთი), ხოლო შემდეგ მარკო ასენსიომ (59) ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს.
აღსანიშნავია ასევე, რომ მოედნიდან ორი ფეხბურთელი იქნა გაძევებული: მეცხრე წუთზე წითელი ბარათი მადრიდელ ნაჩოს უჩვენეს, ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე კი „არსენალის“ სოკრატისმა შეწყვიტა თამაში ნაადრევად.
პენალტების სერიაში ყველაფერი ლონდონელთა სასარგებლოდ დაიწყო, როდესაც რის ნელსონმა გაიტანა, შემდეგ კი ბეილმა გააფუჭა. თუმცა, ამას „არსენალისგან“ სამი პენალტის ვერგამოყენება მოჰყვა (გრანიტ ჯაკა, ნაჩო მონრეალი და რობი ბარტონი) და საბოლოოდ გამარჯვებული „რეალი“ დარჩა.