„რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი ჯულენ ლოპეტეგი მიიჩნევს, რომ ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ერთ-ერთი მატჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარების იდეა ტურნირს ზიანს აყენებს და ძირს უთხრის. გასულ სამშაბათს „ბარსელობამ“, „ჟირონამ“ და „ლა ლიგის“ ოფიციალურმა პირებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ამ ორ გუნდს შორის უახლოესი მატჩის ამერიკაში ჩატარების უფლება სთხოვეს. შედეგად, თამაში, რომელიც „ჟირონის“ საშინაო არენაზე უნდა გამართულიყო, სავარაუდოდ მაიამის „ჰარდ როკ სტედიუმზე“, 26 იანვარს ჩატარდება.
„მე ეს იდეა არ მომწონს და მას მხარს არ ვუჭერ“, – განაცხადა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა და „რეალ მადრიდის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა, – „მსგავსი რამ ტურნირის თანასწორობის იდეას ძირს უთხრის. ყველა გუნდი ერთი და იმავე პირობებში უნდა თამაშობდეს“.
იმისათვის, რომ მაიამიში დაგეგმილი მატჩი გაიმართოს, ნებართვა ოთხმა ორგანიზაციამ უნდა გასცეს. ესენია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია, უეფა და კონკაკაფი (ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაცია).
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმაც უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა მატჩის ამერიკაში ჩატარების იდეის მიმართ, რაშიც მას „ესპანეთის ფეხბურთელთა კავშირიც“ ეთანხმება: ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო სიტყვა ამ საკითხში მოთამაშეებს ეკუთვნით.
შეგახსენებთ, რომ „ლა ლიგამ“, რომელიც ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონია, მედიაკომპანია „რელევენტთან“ 15-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით სეზონში ერთი მატჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გაიმართოს.