„რეალ მადრიდი“ 2019-20 წლების სეზონის დარჩენილი მატჩების „ატლეტიკოს“ საშინაო არენაზე გამართვა არ სურს. ამ ინფორმაციას ი-ეს-პი-ენი (ESPN) ავრცელებს.
სამეფო კლუბის სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რეკონსტრუქცია ტარდება, რის გამოც „რეალი“ სეზონის დარჩენილი ექვსი საშინაო მატჩის გამართვას ალფრედო დი სტეფანოს სახელობის საწვრთნელ ბაზაზე გეგმავს.
თუმცა, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ესპანეთში ტრიბუნებზე მაყურებლები დაუშვან, მეორე მადრიდული კლუბის, „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ თანაქალაქელებს „ვანდა მეტროპოლიტანო“ შესთავაზა. მიუხედავად ამისა, „რეალის“ ხელმძღვანელობა ამ წინადადების მიღებას არ აპირებს.