რაზმაძემ და ხურცილავამ კარიერა დაასრულეს - „დილამ“ ვეტერანები სიმბოლურად დააჯილდოვა #1TVSPORT
რაზმაძემ და ხურცილავამ კარიერა დაასრულეს - „დილამ“ ვეტერანები სიმბოლურად დააჯილდოვა #1TVSPORT

გორის „დილას“ ორმა ფეხბურთელმა, ლუკა რაზმაძემ და დავით ხურცილავამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, – ინფორმაცია „დილას“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ჩვენი კლუბის ექს-კაპიტანმა, ლუკა რაზმაძემ, რომელიც ეროვნულ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია და ცენტრალუrმა მცველმა, დავით ხურცილავამ საფეხბურთო კარიერა დაასრულეს. მადლობა ყველაფრისთვის ბიჭებო“, – მომხდარს ამ პოსტით გამოეხმაურა „დილა“.

მათ კლუბისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღეს – „დილას“ მაისურები შესაბამისი გვარებით ფეხბურთელების შვილებს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჯოხაძემ და სპორტულმა დირექტორმა, ვანო ხორგუაშვილმა გადასცეს.

საყრდენი ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე 37 წლისაა. კარიერა „დილაში“ დაიწყო, უთამაშია „ვიტ ჯორჯიაში“, რუსთავის „მეტალურგში“, ბოლნისის „სიონში“, წყალტუბოს „სამგურალში“. რაზმაძე 2008-2010 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო და მისი ფორმა 11 მატჩში მოირგო. არის საქართველოს ჩემპიონი და თასის გამარჯვებული.

თუ რაზმაძის ფეხბურთიდან წასვლა ასაკით აიხსნება, ხურცილავა 33 წლისაა, მაგრამ ფეხბურთიდან წასვლა ტრავმებმა აიძულა. ქუთაისში დაბადებულ მცველს „დილას“ გარდა უთამაშია „ვიტ ჯორჯიაში“, „დინამო თბილისში“, ბოლნისის „სიონში“, ქუთაისის „ტორპედოში“. მიმდინარე სეზონში „დილაში“ 5-ჯერ ითამაშა. საქართველო 21 წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ჩემპიონი და თასის გამარჯვებულია.