ლიონელ მესი MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გადადის. მხარეები სამწლიან კონტრაქტს გააფორმებენ და არგენტინელს ყოველი სეზონის შემდეგ უფასოდ წასვლის შესაძლებლობა ექნება. კონტრაქტი, რომელიც ჯერ ხელმოწერილი არ არის, 1 ივლისს შევა ძალაში, – წერს გამოცემა TyC Sports-ი.
როგორც გაზეთი The Independent-ი წერს, მესი მოიხიბლა იმით, რომ შესაძლებლობა ექნება, თავისი მემკვიდრეობა დატოვოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, მისი ოჯახი არჩევს ფლორიდაში ცხოვრებას. ასევე, მესი პერსპექტიულ გარიგებას დადებს კომპანია Apple-თან, რომელიც MLS-ის მატჩების მსხვილი ბროდკასტერია. და კიდევ, არგენტინელს შეეძლება MLS-ის კლუბის შეძენა.
და მთავარი – მესი გეგმავს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში თამაშს, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.
კატალონურმა გაზეთმა Mundo Deportivo-მ გამოაქვეყნა მესის ინტერვიუ, რომელშიც ფეხბურთელი განმარტავს თავის გადაწყვეტილებას და იმასაც ხსნის, რატომ უთხრა უარი „ბარსელონასა“ და „ალ-ჰილალს“. გთავაზობთ ამ ინტერვიუს მთავარ მომენტებს.
რატომ გადადის მაიამიში
„მე მივიღე გადაწყვეტილება მაიამიში გადასვლის შესახებ. ჯერ არ ვარ დარწმუნებული, რომ გარიგება 100 პროცენტით დახურულია, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, გეზი იქით ავიღოთ.
საქმე მხოლოდ ფულში რომ ყოფილიყო, საუდის არაბეთში წავიდოდი ან სადმე სხვაგან. „ალ-ჰილალის“ მიერ შემოთავაზებული თანხა ძალიან დიდ ფულად მომეჩვენა. სიმართლე ისაა, რომ გადაწყვეტილება სულ სხვა მიზეზით არის მიღებული“.
ბუსკეტსი და ალბა
„ამბობდნენ, რომ მათთან ერთად წავიდოდი საუდის არაბეთში და რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. მაგრამ არა, ყველა საკუთარ მომავალზე ფიქრობს.
მე ვიცოდი, რასაც აპირებდნენ ისინი, მაგრამ არასოდეს მოგვილაპარაკია იმაზე, რომ სადმე ერთად წავიდოდით. მე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე“.
ბარსელონაში დაბრუნების სურვილი
„სიმართლე ის გახლავთ, რომ მე ძალიან მინდოდა დაბრუნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ წამოვედი ამ გუნდიდან და რისი გადატანა მომიწია, აღარ მინდოდა იმავე სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი: დავლოდებოდი, რა იქნებოდა შემდეგ და დამეტოვებინა ჩემი მომავალი ვიღაცის ხელში. მინდოდა, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიმეღო და გამეთვალისწინებინა საკუთარი და ოჯახის მოთხოვნილებები.
მე გავიგე, რომ ლა ლიგამ მიიღო ყველა საჭირო გადაწყვეტილება. ყველაფერი მზად იყო ჩემი დაბრუნებისთვის, მაგრამ კიდევ ბევრი რამ უნდამომხდარიყო. ისიც გავიგე, რომ „ბარსელონას“ სჭირდებოდა მოთამაშეების გაყიდვა ან მათთვის ხელფასების შემცირება და სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, ეს ჩემი მიზეზით მომხდარიყო.
ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ ყოფნისას ბევრი რამ დამაბრალეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. და მე ცოტა დავიღალე ამისგან და არ მინდოდა, კიდევ ერთხელ გამევლო ეს.
ამასთან, ახლა მინდა, გავექცე ზედმეტ ყურადღებას, უფრო მეტი ვიფიქრო საკუთარ ოჯახზე. ბოლო ორმა წელმა ჩვენი ოჯახისთვის ცუდად ჩაიარა. მე მქონდა ფანტასტიკური თვე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ, სხვა მხრივ, ეს რთული პერიოდი იყო. მინდა, ისევ მივიღო სიამოვნება ცხოვრებისგან, ოჯახთან ერთად გატარებული დროისგან, ბავშვებისგან. აი, რატომ გადავწყვიტე, არ გადავსულიყავი „ბარსელონაში“.
„ბარსელონასთან“ მოლაპარაკებები
„ჟოან ლაპორტას, მაქსიმუმ, ორჯერ ველაპარაკე. ძირითადად, კავშირი ჩავის მეშვეობით ხდებოდა. ჩვენ ვაპარაკობდით იმაზე, მართლა სურს თუ არა ჩემი დაბრუნება, იქნებოდა თუ არა ეს სასარგებლო გუნდისთვის და თავად მისთვის.
„ბარსელონას“ თამაშს მთელი სეზონი ვაკვირდებოდი და მინდოდა, მას გაემარჯვა. ბევრს ველაპარაკებოდი ჩავის, განვიხილავდით ზოგიერთ მატჩს, სხვადასხვა სიტუაციას. მასთან რეგულარული კავშირი მაქვს მას შემდეგ, რაც გუნდის მწვრთნელი გახდა“.
გააკეთა თუ არა „ბარსამ“ ყველაფერი დასაბრუნებლად
„არ ვიცი, ეს მათი პრობლემაა. მართლა არ ვიცი.
ვიცი მხოლოდ ის, რომ ჩავისთან განვიხილავდი საკითხებს. ამბობენ, რომ მათ მიიღეს ლიგისგან შესაბამისი ნებართვა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: გადაწყვეტილება მხოლოდ ამაზე არ იყო დამოკიდებული. კლუბი 100 პროცენტით ვერ იძლეოდა გარანტიას, რომ მე დავბრუნდებოდი.
არსებობენ თუ არა ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ სურდათ ჩემი დაბრუნება? ასეთი ადამიანები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ჩემი დაბრუნება არ იქნება სასარგებლო კლუბისთვის“.
სხვა ვარიანტები ევროპიდან
„სიმართლე ითქვას, მქონდა წინადადება სხვა ევროპული გუნდიდან, მაგრამ ის არც კი განმიხილავს, რადგან ევროპაში მხოლოდ „ბარსელონაში“ თამაშს ვაპირებდი.
მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებისა და „ბარსელონაში“ ვერმოხვედრის შემდეგ, გადავწყვიტე ამერიკულ ლიგაში გადასვლა, რათა სხვანაირად ვიცხოვრო ფეხბურთით და მივიღო მეტი სიამოვნება ყოველდღიური ცხოვრებისგან.
რა თქმა უნდა, მოგება ისევ მინდა. მაგრამ უფრო მშვიდ სიტუაციაში“.
რთული გამოთხოვება „ბარსელონასთან“
„მძიმე გადაწყვეტილება იყო. ოჯახთან ერთად იმ ილუზიით ვცხოვრობდით, რომ შევძლებდით ესპანეთში დარჩენას: ვვარჯიშობდი, ბავშვები სკოლაში დადიოდნენ… კონტრაქტის გაფორმების წინა ღამეს მითხრეს, რომ ხელმოწერა შეუძლებელი იყო და მე კლუბი უნდა დამეტოვებინა. მომიწია სასწრაფოდ გადაწყვეტილების მიღება სხვა კლუბში გადასვლაზე და იმ ყველაფრის გავლა, რაც გავიარეთ.
„ბარსელონას“ ისტორია არის თუ არა მოუშუშებელი ჭრილობა? ცოტათი კი. ეს იმის გამო, რომ ვერ გამოვემშვიდობე გულშემატკივრებს ისე, როგორც მინდოდა. მე მგონია, რომ ეს დავიმსახურე. როგორც დაიმსახურეს იმ მოთამაშეებმა, რომლებიც ადრე ვახსენე. და მათ მიიღეს ასეთი დამშვიდობება.
მეც ასე წასვლა მინდოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, კლუბში სრული ქაოსი სუფევდა. მე „ცუდ ბიჭად“ მაქციეს და ეს ძალიან არ მომწონდა, რადგან საქმე სულ სხვანაირად იყო“.
ორი წელი პსჟ-ში
„განსხვავებული გრძნობები მაქვს. სიმართლე ის გახლავთ, რომ პირველი წელი ძალიან მძიმე იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. მეორე სეზონის პირველ ნახევარში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ძალიან კომფორტულად ვიყავი ამ კლუბში, ამ ქალაქში. ჩემს ოჯახს ყველაფერი კარგად ჰქონდა.
სეზონის შუაში იყო მსოფლიო ჩემპიონატი და მან რაღაცნაირად იმოქმედა მთელ გუნდზე. სხვა ფინიშს ველოდებოდი, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს რთული ორი წელი იყო. ახლა ის უკან დარჩა.
პარიზიდან წასვლის გადაწყვეტილება მარტო არ მიმიღია, არამედ მთელმა ოჯახმა. ისინი შეეჩვივნენ ქალაქს, ბავშვებს სკოლაში მეგობრები გაუჩნდათ. რთული იყო განშორება“.
ფიქრები „ბარსელონაზე“
„მინდა, ახლოს ვიყო კლუბთან. და ვაპირებ ბარსელონაში ცხოვრებას. ეს ის არის, რაც ერთად გადავწყვიტე ცოლთან და ბავშვებთან.
არ ვიცი, როდის, მაგრამ იმედი მაქვს, რაღაც მომენტში დავეხმარები კლუბს, რადგან ყოველთვის მიყვარდა „ბარსელონა“. ვაფასებ ადამიანების სიყვარულს, რომელსაც მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი.
ასე რომ, დიახ, მე მინდა იქ ყოფნა“.