რატომ არ თამაშობს რომან ჭანტურია „დილაში“ - მთავარი მწვრთნელის კომენტარი
რომან ჭანტურია საქართველოში დაბრნდა და ივლისის დასაწყისში გორის „დილას“ ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ჯერ გუნდის ფორმით თამაში არ ჩაუტარებია. „დილას“ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის თქმით, 24 წლის თავდამსხმელი ჯერ ფორმაში არა არის.
„მის პოტენციალს რომ არ ვიცნობდე, შესაძლოა, ასეთ მდგომარეობაში გუნდში არც ამეყვანა, რადგან ფორმაში არა არის. ჭანტურიას შემადგენლობაში მოსახვედრად დრო დასჭირდება, მაგრამ თავადაც ძალიან მონდომებულია და ჩვენც ხელს ვუწყობთ, რომ ფორმაში დროულად შევიდეს. ჩვენ არ გვეჩქარება და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კონდიციებს აღიდგენს და გუნდს მალე გამოადგება“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 15 წლიდან იტალიაში, „ემპოლის“ საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, საიდანაც მთავარ გუნდში, სერია „ა“-ს „ემპოლიში“ დააწინაურეს. თუმცა, იტალიის მთავარ ლიგაში არ უთამაშია, იჯარით კი გამოდიოდა პორტუგალიურ „ოლანენსესში“, იტალიურ „პრატოში“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და მალტის „სინგლ ატლეტიკში“. ბოლოს ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა, სადაც 2019 წლის ზამთარში ჩაირიცხა, გუნდის მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ერთი წლის წინ, 7 ივლისს რომან ჭანტურია კლუბს დაემშვიდობა – მას 6-თვიანი იჯარა ამოეწურა და ისევ „ემპოლის“ დაუბრუნდა, რომელსაც ჭანტურიას ტრანსფერი ეკუთვნის, მაგრამ ერთი წელია, არც ერთ კლუბში არ უთამაშია.