რატი იონათამიშვილი - საქართველოსთვის პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ეკონომიკური კუთხითაც მნიშვნელოვანია #1TVSPORT
„საქართველოსთვის პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტული კუთხით, არამედ, ეკონომიკურითაც“, – ასე შეაფასა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხთან პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი პარაწოლჭიმში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს თბილისს უჩვეულოდ ბევრი სტუმარი ეწვია.
„ესაა 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო ტურნირი. მაგრამ ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში ასეთი მასშტაბური ღონისძიება რომ ტარდება. თბილისს 75 ქვეყნის 800-მდე სპორტსმენი ესტუმრა, რომლებიც თბილისში 6 დეკემბრამდე დარჩებიან. ეს ეკონომიკური და სოციალური კუთხითაც მნიშვნელოვანია და საქართველოს ცნობადობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან რატი იონათამიშვილმა.
თინათინ რევაზაშვილი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი.
„ეს მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებაა და გვიხარია, რომ მისი მასპინძელი საქართველოა. 2017 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტს პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატისთვის არ უმასპინძლია და ეს დამატებითი მოტივაციაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები წარმატებით იასპარეზებენ და საქართველოს გაახარებენ“.
პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ დღეს, 27 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 75 ქვეყანა, 800 პარასპორტსმენი, 30 დელეგაცია საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო მსაჯების შემადგენლობით.
მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო მედია მხარდამჭერი – საქართველოს პირველი არხი.