რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი რეკლამა შეურაცხმყოფელია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი რეკლამა შეურაცხმყოფელია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სარეკლამო რგოლი შეურაცხმყოფელია ეტლით მოსარგებლე პირებისათვის, ის მოუწოდებს საერთაშორისო მისიებს ფაქტის შეფასებისკენ, ტელევიზიებს კი, ეთერიდან მისი ამოღებისკენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო ვიდეორგოლი ახალისებს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და არის შეურაცხმყოფელი ეტლით მოსარგებლე პირებისათვის.

საარჩევნო პოლიტიკურ რეკლამაში, სადაც საუბარია პენსიის მიმღებ პირებზე, ეტლის რეკვიზიტი გამოყენებულია, როგორც მინიშნება სიღარიბეზე, უძლურებასა და გაჭირვებაზე, რაც ხელს უწყობს ეტლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაძლიერებას, შშმ პირის ქველმოქმედების ობიექტად აღქმას და სამედიცინო მოდელის დამკვიდრებას.

ეტლის მიმართ საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რასაც ეტლით მოსარგებლე ადამიანები ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი მინიშნებებითა და ქვეტექსტებით ძლიერდება ისეთი სტერეოტიპები, რის გამოც არაერთი შშმ პირი ამბობს უარს ეტლის გამოყენებაზე და შესაბამისად ამბობს უარს დამოუკიდებელ ცხოვრებაზე.

სინამდვილეში, ეტლი რაიმე სოციალური შემწეობის ატრიბუტი კი არ არის, არამედ არის დამხმარე საშუალება, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებს და არის აუცილებელი დამოუკიდებელი, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.

მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, აღნიშნული ფაქტი შეაფასონ UN CRPD-ის სტანდარტებიდან გამომდინარე, სამაუწყებლო კომპანიებს – ამოიღონ ეთერიდან დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი პოლიტიკური რეკლამა, ხოლო ნაცმოძრაობა ვალდებულია გააკეთოს დამატებითი განმარტებები და მოუხადოს ბოდიში ეტლით მოსარგებლე პირებს.

ჩემთვის მიუღებელია შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიზება, მაგრამ ყველაფერზე მიუღებელი შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის გამოვლენაა!“ – აღნიშნულია რატი იონათამიშვილის განცხადებაში.