რატი ანდრონიკაშვილი - შეთანხმება მაქვს უნივერსიტეტთან, რომ ოცწლამდელთა თამაშზე 100 პროცენტით ჩვენს ნაკრებთან ერთად ვიქნები
19 წლის რატი ანდრონიკაშვილი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ამერიკის სტუდენტური ლიგის ტოპ-გუნდმა, „კრეიტონმა“ მიიწვია. მცირე ასაკის მიუხედავად, რატიმ ეროვნული გუნდის მაისურის მორგება ოფიციალურ მატჩებში 7-ჯერ მოასწრო.
ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა.
რატი ანდრონიკაშვილი: „ეს მაღალი დონის უნივერსიტეტია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერდა და ახლა მთელი ამერიკის მასშტაბით მე-7 ადგილზეა. სწავლა 17 აგვისტოს იწყება და ჩასვლისთანავე კარანტინში ყოფნა მომიწევს, ამიტომ გამგზავრებას აგვისტოს დასაწყისში ვგეგმავ. ჩემი უნივერსიტეტი თამაშობს იმავე კონფერენციაში, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილის გუნდი. სანდრო თუ გადაწყვეტს დარჩენას, რა თქმა უნდა, შევხვდებით და ვითამაშებთ ერთმანეთთან, რაც ძალიან სახალისო და კარგი იქნება“.
რატი ანდრონიკაშვილის თქმით, მის თაობაში გამორჩეული კალათბურთელები არიან, რომლებსაც კარგი პერსპექტივა აქვთ. 19 წლის ქართველმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ სიშორისა და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ყოველთვის ეცდება, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგზარდულ ნაკრებს დაეხმაროს: „შეთანხმება მაქვს უნივერსიტეტთან, რომ ოცწლამდელთა თამაშზე 100 პროცენტით ჩვენს ნაკრებთან ერთად ვიქნები. მატჩების ჩატარების კონკრეტული თაირიღები ჯერ არ ვიცით და როცა შესაძლებლობა იქნება, სულ მინდა, რომ ნაკრებთან ერთად ვიყო“.