ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავმა, „ჰიუსტონის“ მცველმა რასელ უესტბრუკმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.
„ორლანდოში გუნდის გამგზავრებამდე, COVID-19-ზე ტესტი ჩავაბარე და დადებითი შედეგი მივიღე. თავს კარგად ვგრძნობ, კარანტინში ვიმყოფები და ველოდები, როდის შევუერთდები გუნდს. მადლობა მხარდაჭერისთვის და გთხოვთ, ეს ვირუსი სერიოზულად აღიქვათ. გაუფრთხილდით თავს, ატარეთ ნიღბები!“ – დაწერა უესტბრუკმა.
2019-20 წლების სეზონში რასელმა 53 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 27.5 ქულა დააგროვა.
ორლანდოში „ჰიუსტონთან“ ერთად არც ჯეიმს ჰარდენი იმყოფება. როგორც ცნობილმა ჟურნალისტმა შემს ჩარანიამ დაწერა, ჰარდენს სურს ორლანდოში უესტბრუკთან ერთად ჩავიდეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი მაიკ დ’ანტონი იმედოვნებს, თავის ორ ლიდერს მომავალი კვირის შუა ნაწილისთვის მიიღებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონის გაწყვეტის მომენტში, „ჰიუსტონი“ მეხუთე ადგილზე იყო დასავლეთი კონფერენციის ცხრილში.