რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა საქართველოსთან მატჩამდე - შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენი გუნდი ჩემპიონატის სწრაფ დატოვებას შეეგუა #1TVSPORT
დღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ზე სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. პირველ ტურში ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს შეხვდება. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა „აზერისპორტში“ გამოქვეყნებული წერილი, რომლიდანაც იკვეთება, რომ ჩვენს მეზობლებს სანერვიულო არ აკლიათ. მიზეზი ისაა, რომ კოვიდისა და ტრავმების გამო, აზერბაიჯანის ნაკრები რამდენიმე ლიდერის გარეშე დარჩა:
„ხოსე ალესიოს გუნდს D ჯგუფში სამი მატჩი ელოდება – საქართველოს, ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. ცხადია, მეზობლებთან გახსნის თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სანერვიულო ბევრია. ჯერ ერთი, COVID-19-ზე დადებითი ტესტის გამო, ედუარდო და რაფაელ ვილელა გარკვეული დროით გუნდს ჩამოშორდნენ, ხოლო თამაშის წინა დღეს მსგავსი პრობლემა გალოს (მცველი) და როვშან ჰუსეინლის (მეკარე) შეექმნათ. თუ პირველი ორი გუნდში უკვე დაბრუნდა უარყოფითი განმეორებითი ტესტის შედეგად, ბოლო ორთან დაკავშირებით ვითარება გაურკვეველია. ასეთი ნერვიულობა ევრო2022-მდე სრულიად უადგილო იყო.
მეტიც – ევროზე აზერბაიჯანის ნაკრების თამაშის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ უეფა აზერბაიჯანის ნაკრებში არ დაუშვებდა ორ ნატურალიზებულ ბრაზილიელს, მანეკასა და ფელიპინიოს. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, მაგრამ არც უარყვეს. თუმცა მანეკა ტრავმის გამო ნამდვილად ვერ ითამაშებს და ის ჰადი აჰმედიმ შეცვალა. ფელიპინოს შესახებ კი ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როდის მატჩის ოფიციალური განაცხადი გამოქვეყნდება.
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ევროს დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ნაკრებიდან ხშირად გვესმოდა ერთი და იგივე ფრაზა: მოსამზადებლად საკმარისი დრო არ არისო. ეს იმ დროს, როდესაც გუნდი დეკემბრის შუა რიცხვებიდან რეალურად ემზადება, ანუ ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გუნდი ჩემპიონატის სწრაფ დატოვებას შეეგუა ან უბრალოდ წინასწარ მოამზადეს საბაბი. თუმცა ეს სუსტი გამართლებაა. იქნებ სამწვრთნელო შტაბს რამდენიმეთვიანი მომზადება სურდა?
როგორც არ უნდა იყოს, აზერბაიჯანის ნაკრებს პირველი თამაში ელის. საქართველოს ნაკრები იდუმალი მეტოქეა. დიახ, ის ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ რუსეთთან დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. და მას შემდეგ შემადგენლობა ნატურალიზებული ლეგიონერებით გააძლიერა. ახლა მეზობლების შემადგენლობაში ექვსი უცხოელია.
აზერბაიჯანის ნაკრებისთვის განსაკუთრებით რთული შეიძლება სწორედ საქართველოს წინააღმდეგ თამაში იყოს. პირველი, არის პირველი მატჩის ფაქტორი. მეორეც, დებიუტანტს აქვს მოტივაციის უმაღლესი დონე. მესამე ფაქტორი აზერბაიჯანის ნაკრების შემადგენლობაში არსებული პრობლემებია. ამ თამაშის მნიშვნელობის ახსნა ზედმეტია იმის გათვალისწინებით, რომ პირველი მატჩის შედეგი, ფაქტობრივად, ჯგუფში შემდგომ განლაგებას განსაზღვრავს.
თუ ალესიოს (ნაკრების მწვრთნელია) გუნდი კარგად დაწყებას მოახერხეს, მაშინ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის კარგი შანსი ექნება (ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესპანეთმა პირველი ადგილი ვინმეს დაუთმოს). სხვათა შორის, ევრო 2022 აზერბაიჯანის ნაკრების ისტორიაში მეექვსეა. საუკეთესო შედეგი სადებიუტო ჩემპიონატზე დაფიქსირდა, როცა მეოთხეზე გავიდა“.
საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის პირველ შეხვედრას აზერბაიჯანთან 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყებს. საქართველოს ეროვნული გუნდის, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.