ავსტრიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში გიორგი ქვილითაიამ კიდევ ერთხელ გაიტანა. თუმცა, 24 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდი, ვენის „რაპიდი“ გრაცის „შტურმთან“ გასვლით შეხვედრაში 2:4 დამარცხდა.
ქვილითაია კვლავ „რაპიდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მასპინძელთა კარი მე-40 წუთზე აიღო, როდესაც გრაცელები 2:0 იგებდნენ. ეს ქვილითაიას მიერ 28 შეხვედრაში გატანილი მეცხრე გოლი იყო. ბოლო ხუთ შეხვედრაში კი გიორგი ქვილითაიამ თავი მეოთხედ გამოიჩინა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია.
„რაპიდს“ ისევ 55 ქულა აქვს და ამ წაგებამ მეოთხე ადგილზე დააქვეითა. ვენელებს ლინცის „ლასკმა“ გადაუსწრო, რომელმაც გასვლაზე „ალტახი“ 2:0 დაამარცხა. თუმცა, ქვილითაიას გუნდი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების რეალურ შანსს ინარჩუნებს.