საბა ლობჟანიძე „რანდერსს“ დანიის სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ პლეიოფის მატჩებში დაეხმარება, – ეს კლუბმა ოფიციალურად განაცხადა.
„რანდერსი“ „ჰელსინგორს“ ორჯერ დაუპირისპირდება: პირველ მატჩს 5 მაისს ქართველის გუნდი უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი 13 მაისს „ჰელსინგორის“ სტადიონზე დაიგეგმა.
ბოლო მომენტამდე უცნობი იყო, გუნდს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 23 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი დაეხმარებოდა თუ არა – სუპერლიგის აუტსაიდერთა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ლობჟანიძემ „ლიუნგბიუს“ მეოთხე წუთზე გაუტანა, მაგრამ 35-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.
საბედნიეროდ, ტრავმა საშიში არ აღმოჩნდა. ეს კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რასმუს ბერტელსენმა „რანდერსის“ ოფიციალურ გვერდს განუცხადა.
„ექიმმა პეტერ ფაუნემ საბას გამოკვლევა ჩაუტარა და გამოჩნდა, რომ მუხლზე პრობლემა აქვს, მაგრამ საბედნიეროდ, მხოლოდ უმნიშვნელო და სერიოზული არაფერია. ამიტომ, საბა კვირას „ჰელსინგორთან“ ითამაშებს“, – ამბობს ბერტელსენი.