რამდენიმე გუნდი გამოჩნდა, სტატუსის გარკვევას ველოდები - საბა ლობჟანიძეს საქართველოს ნაკრების წარმატების სჯერა #1TVSPORT
„ჰატაისპორი“ თურქეთის სუპერლიგიდან მოიხსნა. გუნდის ქართველ შემტევს, საბა ლობჟანიძეს დაინტერესებულმა კლუბებმა მიმართეს, მაგრამ 28 წლის ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას და საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის სად მოემზადება. ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერი ქალაქ ჰატაიში თამაშობდა, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრში იყო და მომხდარის გამო „ჰატაისპორმა“ თურქეთის სუპერლიგაში გამოსვლა მომავალ სეზონამდე შეწყვიტა.
„ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას შეატყობინა, რომ გუნდი სეზონს ვეღარ გააგრძელებდა, ახლა თურქეთში ფეხბურთისთვის არავის ცხელა. ველოდები ჩემს სტატუსს, როგორ ვიქნები. გუნდი გაჩერდა, მაგრამ მე სეზონის ბოლომდე ვერ გავჩერდები. „ჰატაისპორთან“ კონტრაქტი კიდევ წელიწად-ნახევარი მაკავშირებს და შეიძლება, კლუბმა იჯარით გამიშვას. ზუსტად არ ვიცი, ველოდები, რას მეტყვიან, რა სტატუსი მექნება.
სანაკრებო თამაშები ახლოვდება და ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა გავჩერდე. მინდა, რომ ვარჯიში სწრაფად დავიწყო. რამდენიმე გუნდი უკვე გამოჩნდა – თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და ჯერ არ ვიცი, ჩვენთვის როგორ იქნება“.
საბა ლობჟანიძემ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეტოქეებზე და „ჯვაროსნების“ შანსებზე ისაუბრა.
„ახლა ყველა ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკობს. ყოველ კვირას შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. ზუსტად ესაა ფეხბურთელის შეფასების მთავარი კრიტერიუმი – სტაბილურად კარგი თამაში. ფეხბურთი მარტო ციფრები არ არის. ხვიჩას სტატისტიკაც მაგარი აქვს, მაგრამ ამ ციფრებზე მეტს აკეთებს – მისი თამაშის ხილვა ყველას სიამოვნებს. იგივე ითქმის გიორგი მამარდაშვილზეც. „რეალმა“ და ბევრმა გუნდმა „ვალენსიას“ კი მოუგო, მაგრამ გიორგი ყველგან საუკეთესო იყო, ლა ლიგის მიმოხილვაში თითქმის სულ მისი თამაშის ეპიზოდებია.
თურქეთში ბევრ ქართველ ფეხბურთელს იცნობენ, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ – ამიტომ ერთა ლიგის პლეი ოფს არ უნდა დაველოდოთ და ევრო 2024-ზე გასვლა შესარჩევი ჯგუფიდან უნდა ვცადოთ. მიზნისკენ სვლა ნორვეგიასთან მატჩით უნდა დავიწყოთ. ჯგუფი ძლიერია, მაგრამ ჩვენი ნაკრებიც გაძლიერდა – ამას უცხო თვალიც ხედავს, გუნდშიც ყველა ამას მეუბნებოდა.
ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი, რა თქმა უნდა, ესპანეთია, მაგრამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მონოტონური ფეხბურთი ითამაშა. ალბათ შეეცდებიან, სათამაშო სქემა შეცვალონ.
ნორვეგიას ჰყავს ჰალანდი და ედეგორი. ჰალანდს სტატისტიკურად ძლიერ გუნდებთან თამაში და გატანა უჭირს. ედეგორი ძალიან მომწონს, ახლა უფრო ჭკვიანურად თამაშობს. მათ წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მჭიდრო პრესინგის პირობებში მათთვის თამაში ბევრად რთული და არაკომფორტული იქნება.
ჩვენს ნაკრებში მაგარი განწყობაა. კარგია ის ფაქტი, რომ შესარჩევ ციკლს საკუთარ მოედანზე თამაშით ვიწყებთ. ნორვეგია უშუალო კონკურენტია, მათთან შეხვედრისას გულშემატკივრების დიდი იმედი მაქვს – შვედეთთან თამაშისას შესანიშნავი გარემო შექმნეს. ვფიქრობ, ნორვეგიელები არ ელოდებიან იმ ატმოსფეროს, რაც ბათუმის სტადიონზე დახვდებათ“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.