რამდენად სერიოზულია კვარაცხელიას ტრავმა - იტალიელების ცნობით, ეჭვი ტერფის დაზიანებაზეა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა, პლუს საგოლე გადაცემა შეასრულა „აიაქსთან“ შეხვედრაში, რომელიც „ნაპოლიმ“ 6:1 მოიგო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და გოლის შემდეგ შეცვლა მოითხოვა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ორთაბრძოლისას დუშან ტადიჩმა ფეხი უხეშად მოარტყა და ხვიჩას ფეხი ისე ეტკინა, იყო მოლოდინი, რომ მოედნიდან გასვლას მოითხოვდა. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში გაიტანა – 63-ე წუთზე ჯოვანი რასპრადორისთან საჯარიმოში გათამაშებული „კედლის“ შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ამსტერდამელებს მეხუთე გოლი გაუტანა, მაგრამ მაშინვე შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა. გოლის აღნიშვნის დროსაც ტკივილი ეტყობოდა. რამდენად სერიოზულია ხვიჩას ტრავმა, ცხადია, ჯერ უცნობია. მაგრამ ვარაუდი უკვე გამოითქვა. calcionapoli24-ის ცნობით, პირველივე ვარაუდი ისაა, რომ ქართველ თავდამსხმელს ტერფი დაუზიანდა. ხვიჩას ამსტერდამული კლუბის კაპიტანმა ტადიჩმა (რომელიც 73-ე წუთზე მაინც გააძევეს) ფეხი ტერფში ჩაარტყა.
ჩემპიონთა ლიგის „ა“ ჯგუფში 3 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ ასპროცენტიანი შედეგით, 9 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას 3 შეხვედრაში შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა – 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 პენალტი მოიპოვა.