რამდენად ობიექტურია კვარაცხელიას იმედგაცრუებად გამოცხადება - ხვიჩას რუსეთში მაშინ შეუტიეს, როდესაც სხვები უარეს სეზონს ატარებენ #1TVSPORT
რუსულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას გაშავების კამპანია გრძელდება. ამჯერად, საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრების გმირი ჩემპიონატის მთავარ იმედგაცრუებად დაასახელეს. რა თქმა უნდა, ხვიჩა „რუბინში“ შარშანდელივით არ თამაშობს, მაგრამ უარეს სეზონს სხვებიც ატარებენ, რაზეც ფაქტები მეტყველებს.
რუსეთის პრემიერლიგაში ზამთრის შესვენებამდე გუნდებს ჯერ კიდევ სამი ტურის თამაში უწევთ, თუმცა შუალედური შედეგების შეჯამება შეიძლება, რადგან თამაშების ნახევარი, 15 ტური ჩატარდა. გამოცემა „ჩემპიონატმა“ პირველი წრის შედეგები შეაჯამა.
პირველი წრის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად მოსკოვის „სპარტაკი“ დასახელდა, რომმლის გვერდითაც ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინიც“ მოხვდა. რაც შეეხება ქართელ თავდამსხმელს, მას შემდეგ, როდესაც რუსეთიდან წასვლის სურვილი გამოხატა, მისი გაშავების მცდელობა ყოველდღიური მოვლენა გახდა. სხვებს არც „ჩემპიონატი“ ჩამორჩა.
„დიდი პირადი მარცხი – სპეციალური ნომინაცია ხვიჩა კვარაცხელიასთვის. გასულ სეზონში ჩანდა, რომ რუსეთის პრემიელრიგაში ნამდვილი ბრილიანტი გამოჩნდა, რომელიც მზად იყო უახლოეს მომავალში ევროპის ტოპ-ჩემპიონატში რამდენიმე ათეული მილიონი ევროს საფასურად წასულიყო. ზაფხულში ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ხვიჩა კი დეპრესიაში იყო. იმის ნაცვლად, რომ ზრდა და საკუთარი ფასის ამაღლება გაეგრძელებინა, კვარაცხელია საკუთარ ჩრდილად იქცა, რამაც „რუბინის“ შედეგებზე დიდად იმოქმედა. მხოლოდ ორი ეფექტური ქმედება 12 მატჩში – აბსოლუტური კოლაფსი გასულ სეზონთან შედარებით. რა თქმა უნდა, ხვიჩის ჯერ კიდევ აქვს გონზე მოსვლის შანსი, მაგრამ ასეთი გარდასახვის ყურება საწყენია“, – წერს „ჩემპიონატი“.
ხვიჩას კვარაცხელიას წლის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად გამოცხადება რამდენად სამართლიანია, ამაზე სტატისტიკა მეტყველებს. არერთი ისეთი ფეხბურთელია რუსეთის პრემიერლიგაში, ხვიჩასგან განსხვავებით ტრავმა არ აწუხებდათ, მაგრამ ბევრი ვერაფერი აჩვენეს – ამას გერმანული სამენეჯერო სააგნეტო „ტრანსფერმარკტის“ შეფასებები მეტყველებს, რომელიც კარგი ბარომეტრია, ვის აქვს ჩავარდნა, ვის ზრდა და ვის – პაუზა.
ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი შემტევი მალკოლმის ფასი „ზენიტში“ გადასვლის შემდეგ ბოლო ერთ წელიწადში 8 მილიონით შემცირდა (22 მილიონამდე), ისევე როგორც – ეფექტურობა.
მის თანაგუნდელს, ხორვატიის ნაკრების მცველს, დეიან ლოვრენს „ტრანსფერმარკტმა“ შეფასება 6 მილიონი ევროთი დააკლო. 2 მილიონით შემცირდა პეტერბურგელთა კიდევ ერთი მცველის, იაროსლავ რაკიცკის ფასიც. რუსეთის ნაკრების და ცსკა-ს მცველი მარიო ფერნანდესის ფასმაც დაიწია და გასული წლის ზაფხულიდან 22 მილიონიდან 16 მილიონამდე შემცირდა.
რუსეთში გადასვლის შემდეგ 15 მილიონამდე გაიზარდა მოსკოვის „სპარტაკის“ და შვედეთის ნაკრების თავადმსხმელის, ჯორდან ანდერსონის ფასი, მაგრამ ბოლო ერთ წელიწადში რეგრესისკენ წავიდა და ახლა მის გრაფაში 14 მილიონი წერია, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში კი გოლი არ გაუტანია – ხვიჩამ კი 12 მატჩში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მაინც გააკეთა.
„პარი სენ-ჟერმენში“ 18 მილიონად ფასობდა პოლონეთის ნაკრების შემტევი კრიხოვიაკი, რომელიც წელს მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ „კრასნოდარში“ გადავიდა და მისი შეფასება 13 მილიონამდე შემცირდა. ქვინსი პრომესის ტრანსფერი „აიაქსში“ 22 მილიონად ფასობდა, „სპარტაკში“ გადასვლის შემდეგ – 14.
ხვიჩასგან განსხვავებით, ცენტრალური თავდამსხმელია რუსეთში ნაკრებში ნათამაშები ცსკა-ს მოთამაშე ფედორ ჩალოვი, მაგრამ 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა, რაც მისი პოზიციის მოთამაშისთის ცუდი შედეგია. იგივე პოზიციაზეა მოსკოვის „სპარტაკში“ ალეკსანდრ სობოლევი და თითქმის ანალოგიური შედეგი აქვს – 14 მატჩში 3 გოლი. ის რუსეთის ნაკრების თავდამსხმელია, მაგრამ შინაურ მღვდელს მხოლოდ ჩვენთან არ აქვს შენდობა.
ამ დროს, ხვიჩა კვარაცხელია ფლანგის შემტევია, მისი როლი თამაშს გამწვავებაა და მიუხედავად იმისა, რომ ჩავარდნა ნამდვილად აქვს და კრიტიკას იმსახურებს, განვილი პერიოდი ბევრ ზემოთადასახელებულ მოთამაშეზე ნაკლებად არ ჩაუტარებია. და კიდევ – „ტრანსფერმარკტმა“ მისი ფასი ბოლო 11 თვეში 8 მილიონი ევროთი გაიზარდა.