რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT
14:48, 04.08.2021
ტოკიოს ოლიმპიადაზე რამაზ ზოიძემ (67კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერ შეძლო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი გერმანელ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ფრანკ შტებლერს შეხვდა და სამწუხაროდ, დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ზოიძემ გუშინ წინასწარ შეხვედრებში ძალიან კარგად იასპარეზა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ მუჰამედრეზაკარაის დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ქართველი მოჭიდავე მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო ანგარიშით 1:6 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ რამაზ ზოიძემ ტურნირის პირველ დაპირისპირებაში პატარა სენსაცია მოახდინა, როდესაც კუბელ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ისმაელბორერომოლინას შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
დღეს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ასპარეზობები დაასრულეს. ხვალიდან კი ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი იწყება. პირველ დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსებას გენო პეტრიაშვილი და ავთანდილ კენჭაძე დაიცავენ. შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.