რამაზ სვანაძეს ყაზახეთში იწვევენ - ის „ჟენისის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია #1TVSPORT
რამაზ სვანაძე „ჟენისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება, – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელის შესახებ ინფორმაციას Meta-ratings.kz-ი ავრცელებს.
საქართველოს პირველი არხის ცნობითაც, სვანაძეს ყაზახეთში იწვევენ, მაგრამ ის თავისი ამჟამინდელი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ის ამ მომენტში სკოპიეშია, სადაც 16 ნოემბერს მისი გაწვრთნილი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.
42 წლის სპეციალისტი ფეხბურთელობის დროს იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ მცველი. კარიერა ნაადრევად, 2005 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ დაასრულა. თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მარჯვენა მცველს თამაშის საშუალება ტრავმებმა არ მისცა და 23 წლის ასაკში დატოვა დიდი ფეხბურთი.
მალე სვანაძემ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. 2013 წელს თბილისის „დინამოში“ მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 2019 წელს ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა.
სვანაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს სათავეში 2021 წელს ჩაუდგა. მან გუნდი ევრო 2023-ის „სიკვდილის ჯგუფიდან“ მეოთხედფინალში გაიყვანა, რაც ტურნირის სენსაცია იყო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ვლადიმირ ვაისის გადადგომის შემდეგ, რამაზ სვანაძემ ერთხელ საქართველოს ეროვნულ გუნდსაც უხელმძღვანელა ესტონეთთან ერთა ლიგის საშინაო მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა.