რამაზ სვანაძემ ისრაელთან წაგებაზე ისაუბრა - გოლმა ფსიქოლოგიურად მოგვშალა, მაგრამ გაძლიერების რესურსი გაგვაჩნია #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ისრაელთან გორში გამართულ ამხანაგურ მატჩზე – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარცხის (1:2) მიზეზებზე ისაუბრა.
„ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. ჩემთვის ყველაზე მეტად საწყენია ისაა, რომ პირველ ნახევარში კარგი, დალაგებული თამაში ვაჩვენეთ, მეორეს დასაწყისში კი გოლის შემდეგ ფსიქოლოგიურად მთლიანდ მოვიშალეთ, ფეხბურთელებისთვის მიცემული წინასამატჩო დავალებები არ სრულდებოდა. ეს პირველად არ ხდება და ამ კომპონენტზე ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ბევრი დებიუტანტი გვყავდა, ზოგი ახალგაზრდულ ნაკრებში პირველ თამაშს ატარებდა და ეს ყველაფერი, ალბათ, ამით აიხსნება.
ამ შეკრებაზე ორი თამაში გვაქვს და შემდეგი მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით. გაძლიერების რესურსი გაგვაჩნია და ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე კარგად, ღირსეულად და წარმატებით გამოსვლაა და მერწმუნეთ, ეს მიღწევადი მიზანია. მესმის გულშემატკივრის, მესამე თამაში წავაგეთ, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და დარწმუნებული ვარ, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.