რამაზ სვანაძემ ინგლისთან მოგება შეაფასა - ახალგაზრდული ნაკრები ერთსულოვანი გუნდი ვართ და ვიცით, რა გვინდა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ბათუმში ინგლისელ თანატოლებთან მოგებული (3:2) შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა.
„მატჩის ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო უბრალო მოგება. გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა და მით უფრო მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გრანდს ამარცხებ – გუნდს, რომელსაც პრემიერლიგის ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავს. ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა და ეს გამარჯვება მთელ საქართველოს მინდა მივულოცო.
– აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის გზის დასაწყისია. ინგლისთან მატჩით დასრულდა პირველი წელი, რომლის მიზანიც ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მომზადებაა. კარგია, რომ წელი კარგად დავამთავრეთ და ვეცდებით, რომ ასევე გავაგრძელოთ.
– ჩვენ ერთი დიდი ოჯახი, ერთი მთლიანი გუნდი და ორგანიზმი ვართ და რაც მთავარია, ვიცით რა გვინდა, სად მივდივართ და რისთვის ვემზადებით. როდესაც მიზანი გაწერილია, მზადება შედარებით მარტივდება.
– ინგლისელებს ეტყობოდათ, რომ მათი ფეხბურთელები კარგ გუნდებში თამაშობენ და ეს მეორე ტაიმში გამოჩნდა, როდესაც ბოლოსკენ დაღლა და კონცენტრაციის დაკარგვა დაგვეტყო, მაგრამ მთლიანობაში, თუ წარმატების მიღწევა გვსურს, მთავარია გუნდი და არა – ინდივიდი“.