რამაზ სვანაძე - შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ყაზახეთის ახალგაზრდულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩის შესახებ კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ნაკრების წევრებმა გააკეთეს.
რამაზ სვანაძე, მთავარი მწვრთნელი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია გამომდინარე იქიდან, რომ შემოდგომაზე ოფიციალური მატჩები გველის. შესარჩევ ციკლში დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა. ვეცდებით, მოსამზადებელი ეტაპი კარგ განწყობაზე დავასრულოთ.
ამ შეხვედრაში უმთავრესია, ფეხბურთელების მდგომარეობა შევაფასოთ. განსაკუთრებით ლეგიონერების თემა მინდა გამოვყო. რამდენიმე მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა აკლია და მნიშვნელოვანია, ისინი ფორმაში იყვნენ. ასევე გვყავს დებიუტანტები, რომლებმაც ჩვენს ეროვნულ ლიგაში თავი გამოიჩინეს და მათაც დავაკვირდებით“.
ლუკა გაგნიძე, ფეხბურთელი: „შეკრება კარგად მიდის. უკვე სეზონის ბოლოა და ყველა ისეთ ფორმაში ვართ, როგორშიც უნდა ვიყოთ. ნაკრებში ჩამოსვლა ყველას უხარია. არიან დებიუტანტებიც და ყველა მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. რაც შეეხება ყაზახეთს, ძლიერი და აგრესიული გუნდია. მათთან შეხვედრა ოქტომბრის ოფიციალურ მატჩებამდე კარგი ტესტი იქნება. შესარჩევ ციკლში კი დიდი შანსია, წარმატებას მივაღწიოთ“.
ზურაბ რუხაძე, ფეხბურთელი: „ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს შეხვედრა, მაგრამ ვეცდებით, გავიმარჯვოთ. მაყურებლის ტრიბუნაზე ყოფნა ორმაგი მოტივაციაა. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ“.
საქართველოსა და ყაზახეთის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.