რამაზ სვანაძე - სახელებმა და ტიტულებმა არ უნდა შეგვაშინოს, ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით თამაშია #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემის „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ სტუმარი 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე იყო, რომელმაც ევრო 2023-ის წილისყრის შედეგები შეაფასა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„რეალურად, რთულ ჯგუფში მოხვდით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევდა დაპირისპირება. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლები ვართ, ეს დიდი შანსია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მთლიანად ქვეყნისთვის, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. ფაქტობრივად, ამ ტურნირისთვის წელიწადნახევარია ვემზადებით. გვქონდა ძალიან კარგი შედეგები და სერია. სამწუხაროდ, ბოლო შეკრებაზე იგივეს ვერ ვიტყვი, მაგრამ ესეც სამუშაო პროცესია და ხდება ხოლმე. ჯობს, ამხანაგური თამაშები წავაგოთ, მინუსები დავინახოთ და შემდეგ ეს ნაკლი გამოვასწოროთ.
წილისყრიდან გამომდინარე ყველაზე კარგი ისაა, თუ ამას კარგი შეიძლება ეწოდოს, რომ პორტუგალიას ამხანაგურ შეხვედრაში დავუპირისპირდით და ვიცნობთ. ვიცით მისი ძლიერი მხარეები. ვიტყვი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო და იმედია, საუკეთესოს მათთან გახსნის შეხვედრაში ჩავატარებთ. პორტუგალიასთან შეგნებულად ვითამაშეთ. შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც ეს ამხანაგური მატჩი იყოს, მაგრამ ახლა მათთან შედეგზე მეტად გვაინტერესებდა, რეალობა კარგად დაგვენახა. შედეგი ცუდია, მაგრამ მეორე მხარეა, რომ უკვე ვიცით, კლასით ძლიერ მოწინააღმდეგეს რომ ვეთამაშოთ, ყურადღება რაზე უნდა გავამახვილოთ და ვიმუშაოთ.
ჩვენი სამწვრთნელო სტაფის ამოცანაა, გუნდი ისე მოვამზადოთ, რომ თამაში თამაშამდე არ წავაგოთ. სახელებმა და ტიტულებმა არ უნდა შეგვაშინოს. ამისკენ მივდივართ უკვე დიდი ხანია. თურქეთთან ბოლო მატჩში მინუსები აშკარად გამოჩნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გამოსწორდება. ჩვენ ნებისმიერ ტურნირზე და ნებისმიერ დროს შეგვიძლია თამაში, მაგრამ კლუბს აქვს უფლება, ფეხბურთელები მხოლოდ უეფა-ს კალენდრით გათვალისწინებულ პერიოდში გამოუშვას. ამიტომ ვითამაშებთ, მაგრამ არ გვეყოლება ყველა სასურველი ფეხბურთელი. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით თამაშია. ჩვენ ის შანსი მოგვცეს, სადაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს არასოდეს უთამაშია. ამიტომ ჯგუფში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ. მოთამაშეების მომზადებაში კი დიდი როლი კლუბებს მიენიჭებათ“.