რამაზ სვანაძე - პორტუგალიასთან უკეთესი თამაში დაგვჭირდება #1TVSPORT
კვიპროსის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ საქართველოს 21-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ ევრო 2023-ზე ისაუბრა.
„დიდი ხანია, არ გვითამაშია. იყო დადებითი და უარყოფითი მომენტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეტიც შეგვიძლია. პორტუგალიასთან კი უკეთესი თამაში დაგვჭირდება. დღეს ყველას მივეცით თავის გამოჩენის შანსი. დასაწყისი კარგი გამოგვივიდა, ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა რეალიზაციაზე მეტი მუშაობა დაგვჭირდება.
ჩიხრაძემ დაიმსახურა გაფართოებულ სიაში ყოფნა, მაგრამ საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა. ეს მარტივი არჩევანი არ იყო. ასეთი იყო მიდგომა ყველას მიმართ. უბრალოდ, გაკეთდა არჩევანი და ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა.
დღეს სათამაშო სქემა რამდენჯერმე შეიცვალა და გვსურდა, მოგვესინჯა სხვადასხვა ვარიანტი. წიტაიშვილს რაც შეეხება, თავიდან შედარებით მძიმედ გამოიყურებოდა, დღეს ბევრად უკეთაა და კიდევ გვაქვს დრო, უკეთეს ფორმაში შევიდეს. მას აქვს ის სათამაშო კლასი, რაც ასეთ ტურნირზე გვჭირდება.
მექვაბიშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენი ნაკრებისთვის და, იმედია, დაგვეხმარება. მისი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო სტაფი ინფორმაციას მალე მოგვაწვდის“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.