რამაზ სვანაძე - პირველი მატჩის შემდეგ არ გვქონდა უფლება, ბელგიის ნაკრებთან წაგვეგო #1TVSPORT
ევრო 2023-ზე ბელგიის ნაკრებთან მატჩის ფრედ (2:2) დასრულების შემდეგ საქართველოს 21-წლამდელების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.
„შეხვედრა ორ ნაწილად დავყოთ. პირველ ტაიმში დისციპლინით არ გამოვირჩევოდით, მაგრამ შემდეგ ის მენტალური მიდგომა გამოვავლინეთ, რომელიც გვსურდა. ემოციურად და სატურნირო თვალსაზრისით ჩემთვის ეს კარგი გამოცდილება იყო.
ადვილი არაა, ორი მატჩი ასეთ ჯგუფში წაუგებლად ითამაშო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ. მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ გულშემატკივარს, რომელიც არ გაჩერებულა.
რა ვუთხარი მოთამაშეებს გასახდელში? მწვრთნელი ვერაფერს შეცვლის, თუ გუნდში რწმენა არაა. ფეხბურთელებს შორის იყო განცდა, რომ მატჩს გადავარჩენდით. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ არ გვქონდა უფლება, მოედანი წაგებით დაგვეტოვებინა“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს 27 ივნისს ნიდერლანდებთან გამართავს. ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ოთხი ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში ქულის მოპოვებით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს.