რამაზ სვანაძე - ნიდერლანდებთან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ნიდერლანდებთან ევრო 2025-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
„რა თქმა უნდა, განწყობა დადებითია, რადგან წლების შემდეგ პირველად გვაქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება შესარჩევი ეტაპიდან მოვიპოვოთ. ნიდერლანდებთან ურთულეს შეხვედრას ველოდებით.
ვიცით, ვის ვხვდებით, რა დონის ფეხბურთელები ჰყავთ და მათ ზურგს რა დონის გამოცდილება უმაგრებთ. ამას გარდა, ნიდერლანდები სახლში თამაშობს და ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა ჩვენ საკუთარი გეგმები გვაქვს და ვეცდებით, შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდი ნებისმიერ შეცდომაზე რეაგირებს და მოწინააღმდეგის დასჯას ახერხებს.
ამიტომ გვჭირდება კონცენტრაცია, ტაქტიკური მონახაზის შესრულება, ერთსულოვნება, მიღებული შანსები უნდა გამოვიყენოთ. ამავე დროს მწვრთნელებსაც გვაინტერესებს, ძლიერ მეტოქესთან ჩვენი ფეხბურთელები თავს როგორ წარმოაჩენენ და შარშანდელი წაგების შემდეგ რა შეიცვალა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთვის შედეგი მნიშვნელოვანია, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
ნიდერლანდებისა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში 9 სექტემბერს, ქალაქ ვენლოში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.