რამაზ სვანაძე - მჯერა ჩემი ფეხბურთელების, მათ შეუძლებელი შეძლეს #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - მჯერა ჩემი ფეხბურთელების, მათ შეუძლებელი შეძლეს #1TVSPORT

რამაზ სვანაძის გუნდმა საქართველო კიდევ ერთხელ გაახარა – მისმა გაწვრთნილმა 21-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატია პლეი ოფში (პენალტების სერიაში) დაამარცხა და ევრო 2025-ის საგზური მოიპოვა.

„ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შესარჩევი ეტაპიდან პირველად გავიდა, რაც ჩვენს ფეხბურთელებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, მატებს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას მომავალ თაობებს. ბედნიერი ვარ, რადგან დიდი შრომა დაგვიფასდა ყველას, მათაც, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ იყო, მაგრამ შემადგენლობაში მოიაზრება.

გუნდმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა – არაფრისგან გაშვებული სწრაფი გოლი, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლი, რომელიც ბევრზე ცუდად იმოქმედებდა, მაგრამ ამან გუნდი ვერ გატეხა – მჯერა და მწამს ჩემი ფეხბურთელების და არავისზე ნაკლებად ნიჭიერები არ არიან. მათ შეუძლებელი შეძლეს, რადგან ჩემზე კარგად არავინ იცის, რა სირთულეებს ვუმკლავდებოდით შესარჩევ ეტაპსა და პლეი ოფში.

ვფიქრობ, რომ შედეგი კანონზომიერია. ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ჩემი პატივისცემა ხორვატ ერს და მომავალში მათ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ორი მატჩის ჯამში ჩვენ უკეთესები ვიყავით. წარმატების საიდუმლო პატრიოტიზმია, რომელმაც შედეგი გამოიღო და თამაში ლოგიკურად დავასრულეთ. შემთხვევითი არ არის, პენალტების სერია რომ მოვიგეთ, რადგან ამის გამოცდილება გვქონდა. წინ ევროპის ჩემპიონატია და გილოცავთ“.