რამაზ სვანაძე - ხორვატია ძლიერია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ქომაგი გავახაროთ #1TVSPORT
ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ევრო 2025-ის პლეი ოფის მატჩამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული დაპირისპირებისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ხორვატიასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ქომაგები გავახაროთ. ეს თამაშები ქართული ფეხბურთისა და მოთამაშეების მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, გუნდში დადებითი განწყობაა. ამ ნაკრებს ასეთი დონის თამაში არ ჩაუტარებია, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოყალიბდა. რაც შეეხება გაბრიელ სიგუას, სათამაშოდ მზადაა, მაგრამ არ დავაკონკრეტებ, რამდენ წუთს ითამაშებს.
გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან ეს მოგება ჩვენი გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
საბედნიეროდ, ირაკლი აზაროვის ტრავმა საშიში არ გამოდგა და შეუძლია ითამაშოს. ლორთქიფანიძე პირველადაა შეკრებაზე, ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ივნისში 20-წლამდელებში იყო. მას სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება, მაგრამ პერსპექტიული ფეხბურთელია და ძალიან სერიოზული ბიჭია.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ შევძლებთ პირველ ნომრად თამაშს. რა თქმა უნდა, ხორვატია ძლიერი გუნდია, დიდი პატივს ვცემთ, მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ“.