რამაზ სვანაძე - ისტორიის დაწერასთან კიდევ ერთხელ ვართ ახლოს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებისა (2:1) და ევრო 2025-ის პლეი ოფში გასვლის შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
„მარტივი არ იყო ასეთი მატჩის შემოტრიალება, რადგან შვედეთში განცდილი მარცხის კვალი გვეტყობოდა. ამის შემდეგ ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იყო ისეთი, როგორიც მსგავსი მნიშვნელობის თამაშის მოგებას სჭირდება, მაგრამ დიდი სამუშაო გავწიეთ.
განსაკუთრებით ის ფეხბურთელები, მინდა, გამოვყო, რომლებიც გამოცდილები არიან, ეროვნულ ნაკრებში უთამაშიათ და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის გამოცდილება გააჩნიათ – ისინიც ძალიან დაგვეხმარნენ.
თამაშის შეფასებისას აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ გაშვებულ გოლამდე მძიმედ გამოვიყურებოდით. ეს იმის შედეგია, რომ ჩემი ფეხბურთელების უმრავლესობა არაა მიჩვეული ისეთ დაძაბულ შეხვედრებსა და წნეხს, როგორიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან გვქონდა.
არ არის ეს მარტივი, მაგრამ ჩვენ ქვეყნის მეორე ნაკრები ვართ, რომელიც ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრებისთვის ამზადებს. ამიტომ მიხარია, რომ რამდენიმე წლის წინ დაწყებული წარმატებული ტრადიცია გავაგრძელეთ. მოხარული ვარ, გუნდი ჩვენს ხელში კვლავ წარმატებულია, პირველად მივედით პლეი ოფამდე და ვეცდებით, ასევე გავაგრძელოთ.
რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, მაგრამ დღესაც დამტკიცდა, განსაკუთრებით გაშვებული გოლის შემდეგ, რომ ერთსულოვნებით, ერთმანეთის სიყვარულით, პატივისცემით, პატრიოტიზმითა და დავალებების სწორი შესრულებით ფეხბურთში ბევრი რამ არის შესაძლებელი.
ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდი, ვინც თამაშზე იყო და ვინც მოსვლა ვერ მოახერხა. განსაკუთრებული მადლობა ქუთაისელებს. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია და აქ ჩამოსვლით ყოველთვის ბედნიერი ვარ.
ჩვენ ჯგუფში ჩამოვიტოვეთ შვედეთის ნაკრები, სადაც, კარგად იცით, რა დონის გუნდების მოთამაშეები ჰყავთ. მარცხის მიუხედავად, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მათზე უკეთესი გუნდი გვყავს. ვგულისხმობ ყველას, ფედერაციას, სამწვრთნელო სტაფს, ტექნიკურ და სამედიცინო სტაფსა და აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს, ვინც დღეს იყო და მათაც, ვინც გაფართოებულ სიაში მოხვდა.
მინდა, ყველას წარმატება მივულოცო და მადლობა გადავუხადო, რადგან ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც ერთად გავწიეთ და მადლობა ღმერთს, რომ ეს შრომა დაგვიფასდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნაკრები უკვე წარმატებულია, რადგან კიდევ ერთხელ ვართ ახლოს ისტორიის დაწერასთან ახალი გუნდით და ახალი ფეხბურთელებით“, – განაცხადა სვანაძემ.
რამაზ სვანაძის გუნდმა ქუთაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ითამაშებს, რაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია.
ევრო 2025-ის პლეი ოფის წილისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო პლეი ოფის ოემატჩიანი დაპირისპირებები – 11-19 ნოემბრის შუალედში. პლეი ოფში ჩვენი სავარაუდო მეტოქეები არიან: ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი და ნორვეგია.