რამაზ სვანაძე - გვინდა, რომ ლატვიასთან დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს, 26 მარტს, თბილისის დროით 18:30 საათზე ლატვიის 21-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება. წლის პირველი მატჩი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა იქნება.
მატჩამდე შეხვედრის შესახებ კომენტარი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გააკეთა.
„ლატვიასთან თამაში ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია და ტურნირამდე ბოლო მატჩია. ამ თამაშზე ჩვენ გვაქვს ორი მიზანი: პირველი – იმის ფონზე, რომ ამ ასაკის ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშია, პლუს გვყავს ბევრი ტრავმირებული მოთამაშე – ამის გამო რამდენიმე ახალ ფეხბურთელს, მათ შორის დებიუტანტებს მოუწევთ მინდორზე გასვლა, რაც მათთვის დამატებითი შანსია; და მეორე ამოცანა – გვინდა, რომ კარგი განწყობა შევიქმნათ ევროპის ჩემპიონატის წინ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
ახალგაზრდული ნაკრებს „საბურთალოს“ საყრდენი ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი გამოაკლდა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ლატვიასთან გუნდს ვერც წყალტუბოს „სამგურალის“ შემტევი ნიკა ხორხელი დაეხმარება.
ლატვიასთან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ციფრული მედიის საშუალებით შემოგთავაზებთ.