რამაზ სვანაძე - ევრო 2023-ის მასპინძლობით მოცემული შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - ევრო 2023-ის მასპინძლობით მოცემული შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ევრო 2023-ის წილისყრაზე, რომელსაც ჩვენი გუნდი მასპინძლის რანგში ჩაატარებს.

„ძლიერი ჯგუფია, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. დაპირისპირება ტოპ-ნაკრებებთან მოგვიწევს. ამ ასაკში, ტრადიციულად, ყველა გუნდი გამორჩეულია.

ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ზეიმი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის – მთლიანად ჩვენი გუნდისთვის.

ერთი, რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ის შანსი, რომელიც მოგვეცა – ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა, ამის მარტივად ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებით გამოვიდეთ პირველ რიგში ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ უკვე მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე“, – აცხადებს რამაზ სვანაძე.

ბუქარესტში გამართულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრაზე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ავტომატურად A ჯგუფში მოხვდა, სადაც ძლიერი მეტოქეები შეხვდა – პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია. ცნობილია სათამაშო კალენდარიც.

A ჯგუფი თამაშების განრიგი:

21 ივნისი

საქართველო – პორტუგალია

ნიდერლანდები – ბელგია

24 ივნისი

საქართველო – ბელგია

ნიდერლანდები – პორტუგალია

27 ივნისი

საქართველო – ნიდერლანდები

ბელგია – პორტუგალია

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. საქართველოში მატჩები სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უმასპინძლებენ. A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, საქართველოში ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩაატარებს, ხოლო C ჯგუფის გუნდები (ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი) მატჩებს ბათუმის არენაზე და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავენ, ფინალს კი ბათუმის არენა უმასპინძლებს.