რამაზ სვანაძე - ესტონეთთან, სახლში, ფრე არ მაკმაყოფილებს, მაგრამ მგონია, რომ ამ გუნდს მომავალი აქვს
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ესტონეთთან ერთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრის (0:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.
„შედეგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ესტონეთთან სახლში ნათამაშები ფრეთი კმაყოფილი არც მე ვარ და არც გუნდი. უპირატესობა ჩვენი იყო, მაგრამ ბოლო ფაზაში ხარისხი დაგვაკლდა. ურთულესი შეკრების და ოცნებების დამსხვრევის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვედით. მაგრამ უკან ყურება არაფერს მოგვცემს. მე კი მგონია, რომ ამ გუნდს მომავალი აქვს“, – განაცხადა სვანაძემ.
თუ რა აძლევს მას ამის იმედს, ამ კითხვაზე ახალგაზრდა მწვრთნელმა უპასუხა:
„ვერ დაგეთანხმებით, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი არ აქვს. იმედს მაძლევენ ფეხბურთელები და ის ახალი თაობა, რომლის გაზრდის შემდეგ ჩვენს ნაკრებს დიდი მომავალი ექნება. მესმის თქვენი გულისწყრომა, მაგრამ ეს იმედებიც ამ ბიჭებმა მოიტანეს და მათთვის ეს შედეგები უდიდესი დარტყმა იყო. ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ სტრესიდან ვერ გამოვიდნენ და ამიტომ ვერ ვაჩვენეთ სასურველი შედეგი“.
თქვენ რომ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოთ, რას შეცვლიდით ნაკრებში? ამის შესახებ სვანაძემ საინტერესო რამ განაცხადა:
„ვერ დავიჩემებ, რომ ნაკრებში ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ პერსპექტივის კუთხით პესიმისტურად განწყობილი არ ვარ. შესაცვლელს რაც შეეხება, ყველა მწვრთნელს აქვს თავისი ხედვა, მე კი იმას გავაკეთებდი, რაც მომწონს. ახლა რთულია დეტალებზე ლაპარაკი, მაგრამ აქცენტს გავაკეთებდი შეტევაზე, რადგან მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთისთვის ეს უფრო მისაღები და ბუნებრივია“.
ის არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ დავითაშვილი ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მზად არ იყო:
„მზად რომ არ ყოფილიყო, ნაკრების შეკრებაზე არც იქნებოდა. მიმაჩნია, რომ ზუკას უდიდესი ნიჭი აქვს, უბრალოდ, აქ უფრო იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ გუნდთან შეჩვევის მომენტი აქვს, საკითხავია, რამდენად გახსნილია. უნდა გადალახოს ეს ბარიერი“.
სვანაძეს ასევე კითხეს, ხომ არ სჯობს დავითაშვილმა მოედნის ცენტრში ითამაშოს, რაზეც მან უპასუხა:
„ის მოედნის ცენტრში ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, მას ფლანგზეც შეუძლია კარგად თამაში “.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C ლიგის მე-2 ჯგუფში თამაშები დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ, მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო ესტონეთმა ბოლო, მეოთხე.