საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ევრო 2023 დასრულებულია, გუნდმა პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც განვლილი დღეების მანძილზე მხარი დაგვიჭირა, იქნებოდა ეს სტადიონზე თუ მის ფარგლებს გარეთ. გამარჯვებისა და მარცხის შემდეგ ერთნაირად ვგრძნობდით თქვენს სიყვარულს – ვთვლით, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი შედეგიც ალბათ ეს არის.
მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ ასეთი დონის საფეხბურთო ფორუმზე ჩვენი თავის, ჩვენი თამაშის და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა მოგვცა. მადლობა გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებს და მთლიანად პერსონალს, რომელთა დაუღალავი შრომის გარეშეც აქამდე ვერ მოვიდოდით.
ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ – ამ თაობის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ. ამ ბიჭებს ყველაფერი წინ აქვთ, მათთვის ყველაფერი ახლა იწყება და მე დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თვითრწმენით და, ნებისმიერი კონტექსტისა თუ წინაღობის მიუხედავად, ფეხბურთის საოცრად თამაშის უნარით ისინი კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ!” – ამბობს რამაზ სვანაძე.