რამაზ სვანაძე - დავითაშვილსა და კვარაცხელიას ქვეყანა უყვართ და მოტივაციის პრობლემა არ ჰქონიათ
რამაზ სვანაძე - დავითაშვილსა და კვარაცხელიას ქვეყანა უყვართ და მოტივაციის პრობლემა არ ჰქონიათ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ- აუტში“ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებული გამოსვლის მიზეზებზე ილაპარაკა.
 
„შესარჩევ ეტაპამდე ბევრი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ და ჩვენი გუნდი ეტაპობრივად ვითარდებოდა. ამიტომ გვქონდა იმის იმედი და სრული საფუძველი, რომ ჯგუფიდან გავსულიყავით. ყველაზე რთული, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის, მასპინძელ უნგრეთთან პირველი შეხვედრის საწყისი 20 წუთი გამოდგა, რადგან სასტარტო მღელვარება იგრძნობოდა. ბიჭებს გათავისებული ჰქონდათ, რომ ქვეყნის სახელით გამოვდიოდით და თამაში ცოტა შებოჭილებმა დავიწყეთ. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და საბოლოოდ, დამაჯერებელი ანგარიშით მოვიგეთ. მე მგონია, რომ ეს გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან შემდეგ დიდი ალბათობით უკვე ვიცოდით, რომ ჯგუფიდან გავიდოდით“ – ამბობს რამაზ სვანაძე.
მან წარმატების ერთ-ერთ წინაპირობაზეც ისაუბრა: „ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები დავითაშვილი და კვარაცხელია რომ დავიმატეთ, არ გვქონდა იმის შიში, რომ ეროვნულიდან ასაკობრივ ნაკრებში ჩამოწეულებს მოტივაციის პრობლემა ექნებოდათ. პირიქით, ისინი პროფესიონალები არიან და თავისი სამშობლო უყვართ. ამას ემატებოდა მეგობრული გარემო, რომელიც ნაკრებშია. ეს თაობა დიდი ხანია, ერთად მოდის, ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, ძალიან შეკრული და მეგობრული თაობაა. მიმაჩნია, რომ ჩვენი გამარჯვების ყველაზე დიდი წინაპირობა ეს იყო – გუნდურობა. ეს ფედერაციის, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების დამსახურებაა“.