რამაზ სვანაძე - დავამარცხეთ ერთ-ერთი ფავორიტი, მაგრამ ხვალ ყველაფერი ნულიდან იწყება #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრებთან მოგებული სასტარტო მატჩის (2:0) შემდეგ საქართველოს 21-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და ევრო 2023-ის სადებიუტო მატჩი შეაფასა.
„მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სამი ქულის მოპოვება, არამედ მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიურადაც, იმ მუხტისთვის, რაც გუნდს სჭრდებოდა. მადლობა გულშემატკივარს, ვისგანაც დიდი მუხტი მოდიოდა. დავამარცხეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. სასიხარულოა, რომ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო, სამი ქულა ავიღეთ, მაგრამ ხვალ ყველაფერი ნულიდან იწყება, რადგან ორი ურთულესი მატჩი გველის.
რის ხარჯზე მოვიგეთ? გუნდურობის და ერთსულოვნების ხარჯზე. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულად დავიწყეთ, რაც რთული იყო, რადგან პირველად ვთამაშობდით, მაგრამ პირველად დავამარცხეთ პორტუგალია. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და არავის მივცემთ უფლებას, ამ მატჩში ჩარჩეს. წინ ურთულესი თამაშებია.
ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებული ყველა ბიჭი მზად იყო, რომ პირველი წუთებიდან ეთამაშა? მათთვის ეს რთული იყო გლაზგოში თამაშის დროს მომხდარისა და მძიმე მგზავრობის გათვალისწინებით. ისინი დღეს, შუადღეს შემოგვიერთდნენ, მაგრამ პირველივე წუთებიდან მათი თამაში მაინც სარისკო იყო. მათი მოტივაცია მესმის – ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ ქვეყანაში თამაში ყველას სურს. ეს მოტივაცია მაიმედებს, რომ ჩვენ გვაქვს იმის უნარი და შანსიც, საბოლოოდ წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.